Freitag, 27. März 2009

პასიფლორა (ნატა ვარადაშვილი)

რა მინდა ამ დიდ ფოიეში, 
რას დავმდგარვარ ბავშვივით და გრძელ სარკეში 
რას ვიყურები? 
კედლის მადონებს ბათქაში მკერდი დახეთქვიათ 
და ამოვარდნილ მეტლახებს შორის 
ნაწილ-ნაწილ ჩამოცვენიათ. 
უნივთებო, უსულო სახლში რატომ დავრჩი, 
სულ მარტოდმარტო? 
ვისთვისღა ვცეკვავ? არც ბაბუაა სარწეველა სავარძელში, 
მადევნებდეს თვალს სათვალიდან. 
არც ბებო მოჩანს დაორთქლილი, სველი მინიდან, 
ვაშლის ღვეზელთან წინ გადახრილი. 
ოთახიდან ოთახში არც ერთი მზერა. 
არც ერთი დარდი, 
არც ამბავი, არც დავიწყება - 
მე რაღას ვცეკვავ, რად არ ვვარდები.. 
არაფრისგან გახარებულს, რა მაკავებს ამ ცერებზე? 
აი, გავედი ამ დერეფნის ბოლო კარიდან, 
ალუმინის მოვერცხლილი სახელური გადამტყდარია, 
ნაბიჯს ვერ ვადგამ, 
მაგრამ უყურე, ვაიმე, კიბე! 
თუჯის ჯამიდან ორი ბეღურა 
ნარჩენ წყალს სვამს და ფრთხება, როდესაც 
შეშინებული სილუეტი ვეცემი ჩრდილად. 
საფეხურებად სამი ძველი სკამი აგდია - 
სამი სხვადასხვა წვრილ-წვრილ ჩუქურთმით. 
უხმარად ყავლი ისე გასვლიათ - პეწზე არიან. 
ძველია ეზო, მაგრამ სარეცხით. 
ვიღაც სხვა ცხოვრობს წვრილი შვილით, 
თავის ოჯახით. 
უნდა გავიდე. ავწიო ფეხი, გადავაბიჯო. 
- გაიღვიძე, 
ჩამოვიდნენ მამა და დედა. 




რაქელ 

ბეთლემში ღამეა. 
გამოქვაბულის თავს 
ვარსკვლავი წერტილად ასვია. 
სოფელში მამლები ყივილით 
აფრთხობენ განთიადს - 
შუაცეცხლს, 
ნაკვერჩხლის გულს ღადრავს, 
იერემია. 
ცხრა თვეა, 
ვაჟიშვილს ფეხდაფეხ დავყავარ. 
დოქიდან გობში წყალსა ღვრის, 
თვალებით მკარნახობს - 
ვითომდა, 
ეს ორნი, 
ქვაბულს რომ დასახლდნენ.. 
ამ უცხო მოგზაურთ ბაგაში ღმერთივით 
ჩვილი ყავთ. 
ვითომდა, 
წყალს უთხარ. წაიღებს, 
წაიღებს. ქარსაც კი გაატანს, წყალია. 
ვითომდა, ყრმათა და ვაიმე, 
იერემია. 
ჯერ სისხლად წამომყვა ტკივილებს, 
კივილი ამ სიზმრის ბრალია 
და მერე, ტირილით, ჰაერი ჩაყლაპა 
ბაიამ. 
სიზმარი, სიზმარი აცხადდა. 
ვაჟია. შვიდი. სახელი. 
ქვაბულთან, 
შავ-შავი კაცები ჩამოყვნენ აქლემებს 
სოფელში, ძაღლები უყეფენ - 
რაღაცა ამბავი მოხდება. 
მხედრიონს ამ გზაზე რა უნდა? 
პატარას რძე უყვარს. 
ხის გობით მდინარეს ჩავყვები 
საფენებს გავავლებ. 
ცხენოსნებს სოფელში რა უნდათ? 
პატარას რძე უყვარს. 
ტოტებს სწევს ნაძვის ხე - წავიდნენ. 
მარიამ, მარიამ, მარიამ. 
მე მქვია. 
პირველი შვილია. 
ვითომდა, 
გზაშია იერემია.

მე გამეღვიძა, შენ დარჩი ძილში. 

დილის ნაფლეთი რძისფერ ღამიდან 
მოდის. 
ამოდის 
და ზღურბლთან დგება. 
საკეტი - თითებს. 
შემოდის სახლში, 
რომელიც მამამ ისევ დატოვა. 

შენ ნუ ენდობი - თავის დროზე დადგება ქარი. 
აქედან თვალებს მოიჩრდილავ - სამოთხე მოჩანს, 
მწვანე გუგები 
თეთრი, ქათქათა ბერიკაცების 
იქ 
ფერნაცვალი მდინარეების გზას გასცქერიან: 
- გამოგვხედე! 
გამოგვაძევეს. 
ვმარხავდით ვაჟებს ასოაქნილებს, 
ვითხოვდით წყალსა 
და გვაპურებდნენ 
დამწვარი ხორცის მომჟავო სუნით. 
ჩამოფლეთილ ტანსაცმელზე ფერფლად - შვილები . 
და ახლა, 
როცა ვეღარ ვირწმუნეთ, 
ისინი ჩვენ ვართ, 
ხელი დაგვადეთ - მათაც ეხებით. 

ძველი ხის კიბის ბინადარ სულებს 
თამაში უყვართ , 
არ გაგიტაცონ.!... 
ადამიანის ნიღაბს - გოგრის გულს, 
სანთელს უდგამ და სურვილებს აქრობ. 
გათენებისას 
წვები ჩრდილად. 

რამაც წელში ორად მოგხარა , 
ის გადაგარჩენს 
სხვასთან 
და 
ერთად 
და 
შე- 
მიწ-წყალებს!

ბავშვები თამაშობენ ბებრების სახეებით, 
ოკეანეს მოწყვეტილ სრუტეზე.
ქვის თვალებით მზის ანარეკლებს
მიშტერებულნი, მიწას ჩარჩნენ დედები.
მამები მორებად გაედნენ:
- სხეულებზე გადმოიარეთ, 
უსაფრთხოა ჩვენი ხორცი,
არ შეგეშინდეთ მიტოვებულებს.

ბავშვებს თითებით უჭირავთ ერთმანეთი.
ტრიალებენ - ფრი, ფრიი, ფრიი – 
ეს ჩვენებაა ბაბუების,
ხმელეთს კუნძებად ამოზრდილების. 
მუდმივად უთრთით ხმელი ფესვები; - 
ბებიები - წელში ორმაგად მოკაკულები,
ზურგზე კუზებით .
ახალშობილის ხმით მტირალები.

ამათ მნათობი დაექცათ სახლში.
ამათ წინაპარს ჭინკა უნახავს შუაღამეს
ჭალაში მჯდარი,
დედალხოხობის ხმაზე მოკრიახე. 
ჩაუწვენია ჟოჟობას წვენში;
შავად უთენებია:
- შენს მოდგმას ღმერთი დაუკლავს, 
როდემდე გითმინოთო?
რა პირ-უჩუმარი გამოდექიო!
ჩვენი მადევარის ეზო-კარი არ დაგიქცევია.
ჩვენზე ცუდი თვალით მაცქერალს 
ჩვილი გამოსჩეკია, ხელს აფარებო.
რად არ დასვამ მის კუბოსთან და 
რად არ დასწვავ მის თვალებს და კიდურებს 
კბილებით რად არ და დაახრევინებო.

ამათი ჭაბუკი ღმერთი, სნეულების მხარესაა..
თვალაღებულ ბალღებს წყლულებს აშრობს.

- ეგრე გინდა არაო და ეგრე არ გინდაო და
შენმა ძმებმა გადმოიღეს მშვილდები და 
ბოღმა-ნაღველში ალესილი ისრები
მოაზიდინეს ქალწულებს. 

გაადიდე მათი სახეები:
ნაოჭებზე ასხმული სისხლია.

ბავშვები თამაშობენ ბებრების სახეებით, 
მოწყვეტილ მიწის ზედაპირზე,
დედები წყალს დარჩენილები, ქვის თვალებით
გასცქერიან უძრავ ანარეკლებს. 
მამები ზურგზე გადებულები: 
- სხეულებზე გადმოიარეთ, 
ნუ გეშინიათ მიტოვებულებს!

Donnerstag, 26. März 2009

ქეთი თუთბერიძე

ჩემო პირველო მამაკაცო,
შენია ჩემი მოგონილი კდემამოსილება
ამ ჭუჭყიანი ფანჯრების ქვემოთ...
ღრუბლები ჩანდა თავდაყირა ჩვენი კუთხიდან.
აღარასოდეს განვმეორდები(თ) ხორხში მომდგარი ბგერებითა
და სიყვარულის დეფლორაციით.
ამინ...
ჩემო მეორე მამაკაცო,
ისევ მოწვეთავს გულგრილობა შენი თითიდან.
მარტოები ვართ წყლით სავსე სახლში,
სხვისი ჩრდილებით გადავსებულ უღრან ტყეებთან
მდუმარედ რომ დგას.
ვწევარ გულაღმა
და შენს სტრიქონებს ვკითხულობ თითქოს შენსავე თმებში,
სანამ გიწამებ.
ჩემო მესამე მამაკაცო,
უსიყვარულოდ ვინაწილებდით დედამიწის ბოლო ნარჩენებს.
და კვლავ ვამრავლებ ანორგაზმიულ ისტერიებს
შენი პერვერსი ქალწულების ყალბ ორგაზმებზე,
მათი სხეულის პულსაცია უფრო ცხელია
ვიდრე ვნებების ამობურცვა ჩემს საფეთქლებთან.
ჩემო მეოთხე მამაკაცო,
ერთად დავმალეთ თანაგრძნობა ჩემს ვაგინაში,
გადავივიწყეთ მონატრება და
უცნაური ჰორიზონტი ჰქონდა სიშორეს ბოლო საღამოს.
ჩემო მეხუთე მამაკაცო,
ვერჩასახული ჩვენი შვილები
დედას მეძახდნენ იმ დღეს სიზმრებში,
მე შენი ნერწყვით ნაფერებ მკერდში რძე აღარ მქონდა.
ჩემო მეექვსე მამაკაცო ,
ვერ დავივიწყე ის სიცივე,
ხელისგულიდან რომ შეიგრძნეს ჩემმა ლოყებმა.
ჩემო ერთ-ერთო მამაკაცო,
მე უკვე მოვკვდი მიწის ყურებით და მიწის ჭამით...
ჩემო ერთ-ერთო მამაკაცო,
ჩვენ აღარ გვწამდა არცერთი ღმერთის,
აღარც კერპების.
ჩემო ერთ-ერთო მამაკაცო,
შენ ვეღარ ხედავ ჩემს დაჭყლეტილ,
ბავშვურ შეგრძნებებს უსისხლო ტანში...
ჩემო ერთ-ერთო მამაკაცო,
წუხელ გავგიჟდი,
სანამ შენ ჩემზე წერდი ლექსებს,
და ენის წვერს კი კვლავ გიწვავდა
უწმინდური ჩემი სახელი,
სანამ მე ვთვლემდი დაგახეთქილი მუხლისთავებით.
ჩემო ერთ-ერთო მამაკაცო,
იყავი ბოლო, -
უკანასკნელი წარმოსახვა ჩემი საშოსი!
იყავი მშვიდი,
სანამ ტკივილი მოიმატებს ყველა უჯრედში,
და სანამ მთვარე თავდაყირა ჩანს ფანჯრებიდან,
როგორც მაშინ,
ძველი სახლის ცივ კიბეებთან.
ამინ...


ჩაი და მარციპანის ნამცხვარი

ერთ მშვიდ საღამოს,
როცა დავლევთ ბრიტანულ ჩაის,
საუკუნის წინ გამოთლილი მუხის უჯრიდან
არ ამოვიღებ ჩვენს ძველ ალბომებს.
ჩაის დასხმისას,
მარციპანის ნამცხვართან ერთად,
გიამბობ როგორ გღალატობდი შენს საყვარელთან.
მასაც შენსავით ორი პოზა უყვარდა სექსში, -
მთვარე ზევიდან
ან ლილიები კარის თავზე მიჭედებული.
ახლა გიტყდები,
რომ შენს მერე მასთან ვწვებოდი
და უსირცხვილოდ ვუყვებოდი მოგონილ ამბებს.
ვითომ და ზღაპრებს მიკითხავ ღამით დაძინების წინ
და მარციპანის ნამცხვარს მაჭმევ შენივე ხელით,
ინდიგოსფერი პირსახოცით მიმშრალებ ფეხებს.
ახლა გიტყდები,
ფოთოლცვენის და ჩაის სუნში
მისი ოთახის მყუდროება რომ მახსენდება,
შენგან ნასწავლი სიყვარულის ინსტრუქციებით
და მარტოობით ჩამარხული სიზმრების აშლით
ახორკლილ ტანებს ერთმანეთის სევდით ვითბობდით.
ისე მიყვარდი,
თურმე ისე შემოგეჩვიე,
შენი საყვარლის რბილ კანსა
და მფეთქავ ძარღვებს გავუგე გემო.
ამ მშვიდ საღამოს,
როცა დავლევთ მომწარო ჩაის,
გეტყვი, რომ ქალთან გღალატობდი,
მის ოთახში კი თქვენი ძველი ფოტო ეკიდა...
სამკუთხედი

იცი, არასდროს მყვარებია გეომეტრია,
არც ფიგურების გამოყვანა
ხისფერ დაფაზე.
დღეს ჩემი სისხლით დაგიხატავ
მარტივ სამკუთხედს,
რომლის ალესილ კუთხეებად
ჩვენ განვლაგდებით.
იცი, შემცივდა...
მოგონილი ქალაქის მტვერი
თამბაქოს მსგავსად მიიჩვიეს
ჩემმა ფილტვებმა.
და რა ხანია გამითავდა
ფერადი ცარცი,
შენ რომ მაჩუქე
მოსახატად აკვილონების.
იმ დღეს
სიზმრებმა ჩრდილოეთი ჩამომიტანეს,
ენით ვიგრძენი გაცრეცილი კლიმატის გემო...
ჩვენ ასკეტურად სამნი ვდგავართ
მარტივ წვერებზე,
ასე მარტივად
დღის რუტინას მაინც ვღალატობთ.
ჩამომიწვეთე შენი სახე ყავის ჭიქაში,
რომ გადამექცე უძილობის ნერვიულ ჩვევად,
შეუხორცებლად მიგიჩვიო შეხორცებამდე.
ჩემი კუთხიდან
გალაქტიკაც დახაზული ჩანს.
თითქოს როგორი ადვილია განმარტოება,
როცა დაფაზე სამი ხაზი
უნდა გაავლო...
და არც კი იცი
თუ რომელი მხარეა შენი,
(თუმცა არასდროს მყვარებია გეომეტრია).
სამკუთხედს ვხატავ შენს ფეხებთან
ჩემივე სისხლით...
იცი, ის ცარციც გამითავდა
შენ რომ მაჩუქე.
ჩვენ კუთხეებად გავიშლებით ბასრ ფიგურაში
და გამოვიცნობ,
რომ მესამე კუთხე ჩემია.


პიანინო ანუ რიტუალი არიელისთვის

ჰერ C. M. Schröder,
იუდეველთა საიდუმლო უნდა მოგაფცქვნა შავი ტანიდან!
იქნებ რამდენი ათწლეულია
რაც ამ ცივ კედელს მიეჩვიე და
მეზობლების სიზმრებს ისმენ უცხო ენაზე.
მუნჯი კადრივით ყელში იგუბებ მათ წყვეტილ ბგერებს –
იოგებშორის.
ეს ერთადერთი პროტესტია,
ძვირფასო Schröder.
უმოძრაობამ ფორმა დაკარგა გზისპირა სახლში...
ეგ შენი ძვლები
წინადაცვეთილი მამაკაცის ნარჩენებია.
და მე კი, Schröder ,
ერთადერთი მოჩვენება ვარ შენს სიჩუმეში,
სადაც ფანჯრები ოდნავი სუნთქვით ტრანსფორმირდება.
გათენებისას მოდიან მკვდრები
და ფიჩხებივით ნაგროვებ დღეებს კართან გვიყრიან.
მე,
ერთადერთი შენი ფრაუ და მოჩვენება,
ძველი ტილოთი გწმენდ შიშებისგან ყოველ შაბათ დღეს,
თორემ ეს ხმებიც სადაცაა ჭერს დაბზარავენ.
მე მოგცემ ჩემს ხორცს,
ამ თმებს,
თხელ ძარღვებს...
მოირგე კანის ყველა უჯრედი,
თორემ შენს მხარეს დიდი ხანია
ერთფეროვნება მიეძალა ინფექციებად.
ჩაიდგი ხორხი, რომ იყვირო სისხლისდენამდე
და ქალაქები დაივიწყონ მაგისტრალებმა,
თითების მსგავსად რომ იშვერენ ჰაერში სახლებს,
ქვიანი ენით რომ ლოკავენ ახალ ეპოქას კარამელივით.
მოირგე ჩემი კიდურები!
და გზა,
რომელიც დატეხილია ოთხივე მხარეს,
ფეხისგულებზე უნდა აიკრა.
ჰერ C. M. Schröder,
ჩემთან დატოვე ეგ მტვრიანი, შავი წაღები!
დაბრუნებამდე გადაგინახავ.

ბრმების ქალაქი

ბრმების ქალაქში,
დედამიწის ბოლო განედზე,
სახლებს კაწრავენ მზის სხივები ჩასვენებისას.
ბრმების ქალაქში
ხორცგახდილი პურიტანები
ირეკლებიან თეთრ თვალებში... -
სიმახინჯეა.
მე და შენ წუხელ
ცეცხლს გავანდეთ ათივე მცნება
და გარინდულნი
სიყვარულის ცრუ აგონიით
ლოყებს ვითბობდით
მივიწყებულ მორალის კვამლზე,
ათაშანგივით რომ გადმომდე
ამაოება...
მე და შენ წუხელ
ნაგვით სავსე ბრმების ქალაქში
გვახრჩობდა ცოდვა საკუთარი სხეულებიდან,
ჩვენ ვიღუპებით,
რა ხანია შორსაა ღმერთი,
ვერ გადაგვარჩენს ინტელექტი,
ვერც რელიგია.
ბრმების ქალაქში,
ქაოტური დღეების ფსკერზე,
ახალ ბაბილონს ვაშენებდით
როგორც მონები,
წურბელებივით
გამოვწოვეთ ერთმანეთს სისხლი,
რომ გვეარსება უსინათლო ბრბოს სივრცეებში.
ღმერთი შორსაა
ამ მტვრიანი სარკმელებიდან...
და ვიძირებით გახლეჩილი ნავივით ზღვაში.
ბრმების ქალაქში
ერთადერთი რამე გვხიბლავდა, -
ნარინჯისფერი ნაკაწრები თეთრ შენობებზე,
სანამ ფერმკრთალი ვამპირები
იწყებდნენ ნადიმს,
სანამ კახპები
მეზღვაურებს მისცემდნენ სულებს.
მახსოვს,
ოდესღაც ჩამავალი სილუეტები
ბეღურებივით გვასხდებოდნენ
მშიერ ხელებზე.
ჩვენ ვიღუპებით
უსინათლო ბრბოს სივრცეებში,
დიდი ხანია
ვეღარ ვამჩნევთ წითელ ჰორიზონტს.
ბრმების ქალაქში,
დედამიწის ბოლო განედზე,
აღარასოდეს არ ჩაქრება
ელექტრო შუქი.
ღმერთი შორსაა,
ღმერთი შორსაა
და ისევ ბნელა...
ჩვენ ვიძირებით
უსინათლო ბრბოს სიბნელეში...
ბრმების ქალაქში
არასოდეს არ გათენდება...

შვილები

იმ თვეში, როცა
მამები მიდიან სამოგზაუროდ
და სპირიტიზმით ერთობიან ანგელოზები,
დედები ყიდიან ყველაზე უმცროს
შავთმიან შვილებს...
ასე სჩვევიათ მათ პლანეტაზე გენეტიკურად.
დაღრღნილ საშოში
დასისხლულ კედლებს არ ახსენდებათ
მოკუნტული უშნო ბავშვები,
რომლებიც გუშინ შავი ფანჯრიდან
თეთრ საპნის ბუშტებს უშვებდნენ ცაში.
მგონი ბუშტები ღრუბლებად იქცნენ
ან ღამის ჰაერს შეერივნენ სისხლჩაქცევებად .
იმ თვეში, როცა
მამები მიდიან სამოგზაუროდ
და სპირიტიზმით ერთობიან ანგელოზები,
დედები ყიდიან ყველაზე უმცროს
შავთმიან შვილებს...
მერე შვილები იზრდებიან
და სხვა შვილების მოკვლას იწყებენ.
ღრძილით წურავენ არტერიებს,
თბილი სიზმრები რომ ამოსწოვონ პირის მოსვრამდე,
არ დაეღვაროთ არცერთი გრამი...
მათ სიზმრის წვეთებს მარმელადის გემო აქვს ალბათ...
გაყიდულ ბავშვებს ხომ არასდროს არ გაუსინჯავთ
ტკბილეულობა...
და ჩასახვისას დედის მხრიდან დაკლებულ რკინას
სხვის დნმ-ში აღმოჩენილ სუნთქვით ივსებენ.
და საპნის ბუშტებს ღრუბლებისკენ აღარ უშვებენ
ჩამონგრეული სახლის ფანჯრიდან...
იმ თვეში, როცა
მამები მიდიან სამოგზაუროდ
და სპირიტიზმით ერთობიან ანგელოზები,
დედები კლავენ ყველაზე უმცროს
შავთმიან შვილებს...
ასე სჩვევიათ გენეტიკურად…

  Feb 3 2009, 11:20 AM
პოსტი #12

 მე გამოვთალე ორი ხის ჩიტი
და სველ ასვალტზე მოფანტული
ცისარტყელების ნარჩენებით ფრთხილად შევღებე.
ორი ხის ჩიტი
ფრენას ისწავლის
და თვის ბოლომდე იქნებ მოასწრონ
გამოფრენა დასავლეთისკენ...
ბავარიაში ახლა ალბათ ცა გაიცრიცა
და უძილობა აგიმჟავდა კლიმატის მსგავსად.
აქ კი წვიმაა...
ფრთებზე ნახევრად აქერცლილი საღებავები
შენი ქალაქის შემოდგომას მოგაგონებენ...
წითელი...
ნარინჯისფერი...
ყვითელი...
მწვანე...
ცისფერი...
ლურჯი...
იისფერი...
ნურავის ეტყვი, რომ სამშობლოში
ფოთოლცვენას შვიდი ფერი აქვს...
მოფრენილ ჩიტებს დაუყარე გზაზე ხორბალი.
როცა დათბება ტყე გაშენდება -
ჩემი და შენი.
და ეს ხორბალი ჩემი კანის ფერს მოგაგონებს.
ხის ორი ჩიტი ჩუმად გეტყვის,
რომ გავიზარდე
და სუიციდი ამეკვიატა...
მოგიყვებიან ზღაპრულ ამბებს,
ჩემგან ნაამბობს დაბადებისას.
მათი ზღაპრები
ჩვენი პატარა საიდუმლოა...
არავის უთხრა,
თორემ ჩიტები ვერ გაუძლებენ ამდენ სიმართლეს,
გაქვავდებიან და ალბათ ფრენაც დაავიწყდებათ.
არავის უთხრა,
რომ შენს ბალიშში გამოაზამთრე
ჩემი ხელებით გამოთლილი ხის ფრინველები...
მე ახლა თითქოს მათ ველოდები...
არ ბრუნდებიან...
ალბათ ფანჯარა დაორთქლილი აღარ გაუღე
და გაიყინენ...
მათთვის სიცივე ხომ არასდროს მისწავლებია?!
ვერ მოვასწარი...
და ვერ იცანი
ცისარტყელებით მოხატული ორი ხის ჩიტი,
შენი გულისთვის რომ გამოვთალე
ძველი ჭადრისგან...

დროა დავისაჯო მეც

* * * (დროა, დავისაჯო მეც...)

დროა, დავისაჯო მეც.
თუნდაც შენს გამო.
როგორ გაგაღვიძე.

შენ ცხოვრობდი სიზმარში,
სიზმარი იყო კოშმარული.
იქ ყველას კლავდნენ,
სიკვდილი გდევნიდა შენც

და შენ გარბოდი,
გზას მიიკვლევდი მკვდრებში,
თავზე გენგრეოდა სამყარო,
მე კი გაგაღვიძე.

და შენ შეგაძრწუნა შეუჩვეველმა სიმშვიდემ,
დილის ოთახმა, თეთრმა კედლებმა,
ჩემმა ღიმილმა.

ვერ დაიჯერე ცხადი,
ვეღარც ძილი შეიბრუნე
და მოკვდი,

მოკვდი ისე სწრაფად,
საეჭვოა, რომ მოგესწრო ჩემი შეძულება.
ისე მოკვდი, ჯერაც გიყვარდი.

იყო სხვა ცოდვებიც. უფრო მძიმე. უფრო მსუბუქი.
მძიმეები, რომლებიც არ მახსოვს.
მსუბუქები, რომლებსაც ვმალავ.

და ალბათ დროა, დავისაჯო მეც.

დროა, დავისაჯო მკაცრად.

დროა, გამაღვიძონ მეც.


* * * (შენ იწექი საძინებლის კარისკენ ზურგით)
ზვიად რატიანი

შენ იწექი საძინებლის კარისკენ ზურგით
და მე, კართან მდგარს, ვერ მხედავდი. შენ კითხულობდი,
მე კი ქეჯნა მახრჩობდა, დედი.

დედი, დახურე ჩემი წიგნი, გადადე სკამზე.
ლამპას გადაწვდი და ჩააქრე.
დაიძინე. არაფერზე იფიქრო, დედი.

არც აქ, დედი, არც ამ წიგნში
არაფერი წერია შენზე.

და შენ დახურე ჩემი წიგნი, გადადე სკამზე.
ლამპას გადაწვდი და ჩააქრე. შემდეგ ბნელოდა
და ვეღარ მივხვდი, გეძინა თუ ფიქრობდი, დედი.

გამახსენდა, როგორ განვიცდიდი ადრე,
რომ ჩემი ლექსები არ გავდნენ ცხოვრებას.
გამეცინა საკუთარ თავზე.

* * * (ჩვენ აქ ვწვალობდეთ, ვბერდებოდეთ)
ზვიად რატიანი

ჩვენ აქ ვწვალობდეთ, ვბერდებოდეთ,
შენ კი იყო მუდამ უცვლელი
და მოწყალე. ჩვენ არასდროს გვქონდეს უფლება
ეჭვი შევიტანოთ შენს მოწყალებაში,
არსებობაზე – ლაპარაკიც ზედმეტია. სწორადაც იქცევი,
რომ ასე ადვილად არ გვითმობ ჩვენს თავს,

რომ გვახვეწნინებ ჩვენივე სხეულებს,
ჩვენს შიშველ და სასაცილო, მოუქნელ სხეულებს,
და არასოდეს გვიტოვებ დროს
ავიდეთ და მივალაგოთ ჩვენი საფლავები,
ფოთლები გავხვეტოთ,
მტვერი გადავწმინდოთ ქვიდან.

სწორადაც იქცევი.
ჩვენ ხომ ჩვენივე სიცოცხლეც კი არ მოგვენდობა,
სიკვდილი კი – მითუმეტეს; მაგრამ რა ვუყოთ სიზმრებს,
რომლებიც, გაუგებარია,
თავიდანვე რისთვის ჩაგვითქვი?
აქ კი, ჩვენს დროში, მათი ატანა შეუძლებელია,

ცხადიც გეყოფა, რომ დაგვცინო. სახლში ვბრუნდებოდი
და შორიდანვე დავინახე რუხი ბოლი,
ცისკენ აწვდილი,
და რაც უფრო მივუახლოვდი,
მოიმატა მითუფრო ეჭვმა,
რომ იქ

ჩემი სახლი იწვის. გამოღვიძებულმა,
ცივი ოფლით დანამული ბაგეებით
მადლობა გითხარი
და გულს, ჯერაც აჩქარებულს,
კიდევ ერთხელ შეუყვარდი,
რადგან მხოლოდ სიზმრით დამსაჯე.

ასე გამომტყუე რამდენი მადლობა. მაგრამ ეს – ბოლოა.
ესეც ბოლოა, როგორც გუშინ,
როგორც ყოველთვის.
როგორც გუშინწინ,
როცა ლიფტში პირჯვარს ვიწერდი
დაბნეული – რომ მე მართლა პირჯვარს ვიწერდი

და ბედნიერი – რომ ის ბიჭი დამხვდა ცოცხალი,
მე კი, ვიდრე მოვძებნიდი,
რა სიმწარე აღარ ვიფიქრე.
ის კი დამხვდა მხიარული, მთვრალი, ცოცხალი
და გამიღიმა. შიშველ ტანზე ეცვა ქურთუკი,
რადგან ჯემპრი და მაისური თურმე ჩხუბში შემოახიეს,

შემდეგ კი ლიფტში ვიდექი და პირჯვარს ვიწერდი
და უეცრად გონს მოვეგე. მეც გამეცინა
და მომეჩვენა, შენც დამცინე. შენი არ ვიცი,
მე კი ჩემს ხელზე გამეცინა,
პირჯვრის წერისას გაქვავებულ ხელის მტევანზე
და იმაზეც, რომ ის ლიფტიც კი

ზემოდან ქვემოთ ეშვებოდა. ახლა მჭირდები,
რადგან ცხოვრება ბავშვობა და სიბერეა,
რადგან ყველაზე საზარელი მათშორის გზაა,
რადგან მეც მიჭირს შუაგზაზე,
სადაც ამდენი საცდურია –
საქმეც გვინდა, სიყვარულიც, ძილიც, წუწუნიც,

შენ კი არ გინდა დაგვენახო. მეორდება ჩემი სიზმარი,
მერამდენედ მესიზმრება ჩემი თავი
ინვალიდის მოხდენილ ეტლში;
და თუმც არ მჯერა საკუთარი წინათგრძნობების,
თუმცა სიზმრები არასოდეს მიცხადდებოდნენ,
გამოღვიძებულს, ისევ შენკენ გამექცა ფიქრი,

რადგან, თუ სადმე მეჩვენები,
იქ მირჩევნია, იმ სიზმარში: სიზმრის მიწურულს
მოულოდნელად რომ ჩაჭიდო ჩემი ეტლის სახელურს ხელი
და ვიდრე გონზე მოვეგები,
მიმაგორო მაღალ სარკესთან
და დაგინახო ჩემს ზურგსუკან ბინდბუნდში მდგომი;

დაგინახო და დაგიჯერო. თუკი სადმე, ისევ სიზმარში,
თან სიზმარში და თან სარკეში,
ალბათ იქ თუ დაგიჯერებდი,
მისვენებული ინვალიდის მოხდენილ ეტლში,
და არ მოგთხოვდი სხვა სასწაულს, ვთქვათ, განკურნებას;
ოღონდ თვითონაც ნუ დამაფრთხობ

და ნუ მომთხოვ ყველაფერს ერთად:
დღეს დამავალე, შევიყვარო მტერი ჩემი
და თანდათან გამირთულე მოთხოვნები. არ გამოვრიცხავ,
რომ ბოლოს გახდე ისე ცხადი და უეჭველი,
როგორც ცხადია, რომ ეს ლექსი – არ არის ლექსი
და ის, რაც არის, აქ არ მთავრდება.


* * *(აქ კარგია. მე ვწევარ წყალზე,)
ზვიად რატიანი

აქ კარგია. მე ვწევარ წყალზე,
მზე აბრწყინებს მლაშე წვეთებს ჩემს წამწამებზე,
ცურვა გამორიცხულია –
გული ისედაც ძლივს მუშაობს
და სუნთქვაც მიჭირს. აქ კარგია. ვწევარ გულაღმა
და სამდღიანი ლოთობის შემდეგ,
დღევანდელი ამბების შემდეგ,
ოთხი ფინჯანი ყავის შემდეგ
სუნთქვა მიჭირს. მართალს ამბობენ,
რომ ასეთ დროს ზღვაში შესვლა საშიშია. მე ვწევარ წყალზე
და ნაპირამდე საკმარისი მანძილია, რათა შევშინდე,
მაგრამ მშვიდად ვარ. აქ კარგია. მე ვჭუტავ თვალებს,
მზე აბრწყინებს მლაშე წვეთებს ჩემს წამწამებზე,
სუნთქვა სულ უფრო მიძნელდება. ვიხსენებ დღეებს,
ვიხსენებ ყველას, ვინც მიყვარდა. წყალი მიმარწევს
და სუნთქვა მიჭირს. ყველაფერი,
ნაპირი, სიცოცხლე,
ჰაერთან ერთად ცოტავდება. აქ კარგია. წყალი მატულობს
და ბნელდება, და ცივდება. მე ვახელ თვალებს
და მზეს, რომელიც აბრწყინებდა მლაშე წვეთებს ჩემს წამწამებზე,
ფარავს ღრუბელი. ღრუბელს
წყალი. წყალს კი
სიტყვები:
ხმა,
რომელიც შემოდის ჩემში,
რომელიც ისმის არსაიდან – ყოველი მხრიდან,
რომელიც ამბობს, რომ ამჯერად უნდა გადავრჩე,
რომ მზე ისევ გააბრწყინებს მლაშე წვეთებს ჩემს წამწამებზე,
რომ ჰაერი მოიმატებს, წყალი გათბება,
რომ ჩემი გული დამშვიდდება
და რომ უკვე ნაპირზე ვარ. აქ კარგია. ჩემს გარშემო ირევა ხალხი,
ზოგიც წყალშია. მე ვზივარ და ვიღიმები. არავინ იცის,
რომ აქ კარგია. რომ ყველანი უკვე გადავრჩით
და მეც ნოე ვარ, როგორც ყველა.



ახლა რომშიც წამიყვანე, ვეუბნები ჩემ ცხოვრებას,
რომელიც იცინის.

ალბათ ბოლომდე არ მჯეროდა, რომ სამყარო მართლა არსებობს,
რომ ის ქვეყნები, ქალაქები, ჩანჩქერები, კუნძულები
მართლა არსებობს,

და როცა ერთხელ, ორჯერ, მესამედ
თვითონ აღმოვჩნდი ისე სხვაგან, როგორც არასდროს,
უხერხულობა, გაწბილება, ყველაფერი ერთად ვიგრძენი,

გაწბილება ორივეთი, სამყაროთიც, ჩემი თავითაც,
მაგრამ უფრო – სამყაროთი, რადგან მისგან მეტს მოველოდი.
ის კი აღმოჩნდა ისეთი და სწორედ ისეთი,
როგორიც უნდა ყოფილიყო. თანაც –
ნამდვილი.


2

რაც მეტს ნახავ, მით ნაკლები გეხსომება,
ვეუბნები საკუთარ თავს,
ის კი უღიმის

მაღალფეხება ქერა მიმტანს,
რომელიც მისი მაგიდისკენ მოირწევა საფერფლით ხელში
და არ არის გამჭვირვალე. მე ვაფხიზლებ საკუთარ თავს: შეჩერდი, დაფიქრდი,
ეს ყველაფერი მირაჟია! ის კი იცინის

და ნეტარებით ეწაფება ზომიერად ქაფმოდებულ ქარვისფერ სითხეს,
რომელიც არის ისეთი და სწორედ ისეთი,
როგორიც ლუდი უნდა იყოს. ყველაფერი არის ისეთი,
როგორიც არის. ყველაფერი მართლა არსებობს.
მათშორის – რომიც. უკვე მჯერა. და თუ ასეა,

ახლა რომშიც წამიყვანე, ვეუბნები მთელ სამყაროს,
მაგრამ არ ესმის.


3

ყოველთვის სხვები მიდიოდნენ.
მე კი, აეროპორტიდან მობრუნებული,
კმაყოფილი ჩემი თავით – რომ გავაცილე,
ავტობუსის გრილ მინაზე შუბლმიდებული,
მონუსხული გავყურებდი ნაადრევი დილის მზეში გათქვეფილ თბილისს
და საკუთარ თავს დაბრუნებას ვათამაშებდი:

თითქოს წლების წინ დაკარგული
და სამყაროშემოვლილი, როგორც იქნა, სახლში ვბრუნდები
და სიყვარულით შევყურებდი ყველა ხეს და სახლს და ფანჯარას
და ყველა გამვლელს. ეს არ იყო ცუდი თამაში.


4

ყოველთვის სხვები ბრუნდებოდნენ. მე ვხვდებოდი აეროპორტში
და ვისმენდი მათ მონათხრობ უცნაურ ამბებს
უცხო ქვეყნებზე, ქალაქებზე, ჩანჩქერებზე, კუნძულებზე,
მოკლედ – ქალებზე,

და მჯეროდა. არ მჯეროდა.
არ მჯეროდა. ისევ მჯეროდა.

მჯეროდა,
მაგრამ არ მჯეროდა,
რომ სამყარო მართლა არსებობს

და როცა ერთხელ, როცა ორჯერ, როცა მესამედ
თვითონ აღმოვჩნდი ისე სხვაგან, როგორც არასდროს,
უხერხულობა, გაწბილება, ყველაფერი ერთად ვიგრძენი,

და თან ჩემს თავზე ვბრაზდებოდი,
რომელიც ისე ბუნებრივად, ისე სწრაფად მოერგო სივრცეს,
ისე მოერგო, შეირგო და გაშინაურდა,

თითქოს არასდროს წვეთი ეჭვიც არ გასჩენოდეს,
რომ ის, სამყარო, უსასრულო,
მართლა არსებობს.


5

მართლა არსებობს, ვფიქრობდი სტამბოლში.

მართლა არსებობს, ვფიქრობდი ვენაში.

მართლა არსებობს, ვფიქრობ ახლა, გოტებორგის ღია კაფეში

და ნეტარებით ვეწაფები ზომიერად ქაფმოდებულ ქარვისფერ სითხეს,
რომელიც მართლა ზღაპრულია. მართლა როგორ ყვარებიათ
შვედებს სასმელი. მართლა როგორი მშვენიერი გოგოები
ყოლიათ შვედებს. მართლა რამდენი წრფელი მართლა
გროვდება ტვინში. და ყველა მართლა თუკი მართლა,

მაშინ რომშიც წამიყვანე,

აკი ყველა გზა რომში მიდის,

ვეუბნები ჩემს ცხოვრებას,
რომელიც მიკვირს.

1

ათიოდ თაობა ჩემი წინაპრების
და ცოტა ნაკლები - შთამომავლების
იგულისხმება ალბათ სისხლში,

მე კი არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო,
როგორ ვწერო და როგორ განვიცადო
ეს ამსიყვითლე შემოდგომა,

რომელმაც შეაგროვა ნაწილ-ნაწილ გაბნეული ყოველი ეჭვი
და თქვა: ყველაფერი თავიდან იწყება,
როგორც ყოველთვის, ჭკნობით.


2

შემოდგომამშვიდობისა.
მე შემიძლია საათობით ვიჯდე ფანჯარასთან
და ვგრძნობდე, შეუძლებელია რამეზე წერა.

შემოდგომამშვიდობისა, ჩემო ცხოვრებავ.
ჩემო მუდამ ცვალებადო, ჩემო მოუხელთებელო,
ჩემო თითქმის არაჩემო არსებობავ,

მე შემიძლია საათობით ვიჯდე ფანჯარასთან,
მე შემიძლია შემოდგომის დღე იყოს გარეთ,
მე შემიძლია გარეთ თბილოდეს,

მე შემიძლია მოდიოდეს სამი გოგონა,
გული კი გრძნობდეს: მათგან ერთერთი
ჩემი შეყვარებულია, ხოლო მეორე

ჩემი შეყვარებულია, მესამე კი
ჩემი შეყვარებულია. შემიძლია
არ შემეძლოს სხვაგვარად წერა,

მე შემიძლია,
შემოდგომამშვიდობისა,
არ შემეძლოს სხვაგვარად წერა.


Dienstag, 24. März 2009

მაია სარიშვილი

(სასტიკი პასუხი)

თქვენ მეუბნებოდით, რომ ამ ოთხიდან
ორი ბავშვი მაინც უნდა ჩამეძაღლებინა, 
მაგრამ ვერ ამოვარჩიე-რომელი...
და ამასობაში დაიზარდნენ.
თავის დაცვა უკვე კარგად შეუძლიათ.
ისე ადვილად ვეღარ დახოცავ...
ერთი რომ მყოლოდა,
ოთხივეჯერ მას ვაკოცებდი
და არავინ ეტყოდა, რომ დანარჩენები
იმ სამი კოცნისთვის დაიხოცნენ.
ვერ მოვიქეცი გონივრულად,
ვერ ამოვითხარე სტერილური თოხებით
შვილები-როგორც გლანდები-
და საქმე საბოდიშოდ გავიხადე,
რადგან სულ მეგონა, რომ
თუ დაგიჯერებდით,
მუცელი მაინც გამომეზრდებოდა
და მთელი ცხოვრება
ზუსტად იმდენი ბორცვი უნდა მეტარებინა,
რამდენ ბავშვსაც ტანში ჩავიკლავდი.
და ესენი კი იქნებოდნენ
ბევრად უფრო საშიშნი და მარადიულნი-
ჩემივე შვილების საფლავების ბორცვები.
თქვენ მეუბნებოდით, რომ ამ ოთხიდან
ორი ბავშვი მაინც უნდა ჩამეძაღლებინა,
მაგრამ ვერ ამოვარჩიე - რომელი,
და ამასობაში დაიზარდნენ,
ლოყებზე თითები მომაფინეს,
ალაპარაკდნენ...


 

(სიტყვა "სიყვარული")


ეგ სიტყვა - თოთო ბავშვივით მოგდებული კართან,
შენიცაა,ახლა შენ მიხედე.
მე ცოტა ხანი დავისვენებ.
ხოლო უმისოდ,აი,რა ხდება,ნახე:
გავრბივარ.
კაბა მითეთრდება,თმები მეზრდება,
ნოტებით სავსე პარკს ძირი ძვრება,
შემიძლია არ ავკრიფო,ისე გადავახტე.
გავრბივარ.
როგორ მაბერებდა ეგ სიტყვა თურმე.
თმით როგორ მიმათრევდა
შენს სახლში ყოველ საღამოს.
როგორ უბოდიშოდ მიბერავდა და მიჩუტავდა მუცელს.
როგორ მაშინებდა,უჩემოდ ვერ გაძლებო.
აი,არაფერიც არ მომივიდა..


ცოლი

ცოლი
მოწყვეტილი ყვავილივითა დგას
წყალწყალა ქმარში

ვეფერებოდი ...)

ვეფერებოდი ამ ხეთა ნერგებს ოდესღაც.
ახლა ცაში ჩაზრდილან


(ძველი კინო...)

ძველი კინო _
ადამიანების ჰერბარიუმი.

ახლა ქარიშხალმა სხვაგვარად გადააწყო შეშლილები.
სხვაგვარად ჩაამწკრივა.
ბოლოებში ბავშვები დააყენა რითმებად
და წამოვიდა დემონსტრაცია,
როგორც შეშლილთა ლექსი.
მე კი ღიმილი,როგორც ნატკენი ფრთა,
ძირს მეთრევა და უხერხულია.
ვერ ავიკეცე.ვერ ვიმაგრებ.
ჩემს ღიმილზე ებიჯება სუყველას ფეხი -
ხალხმრავლობაში უარესია.
თურმე თავსხმაა.
ავიხედე - წვეთები გვანან პაწაწინა მეგაფონებს,
რომელთაც დავსდევ და სათითაოდ
ყოველ მათგანს ვუკითხავ ლექსებს.
ეს სიგიჟეა.ერთი წვეთიც არ დამრჩენია.
და მახსენდება ბლანტი სცენა
სავსე დარბაზში,
სადაც ავედი ზუსტად ისევე სულელურად,
როგორც ოდესღაც ბავშვობისას,
როდესაც დედა მიკვდებოდა
და მაგიდაზე შევდექი შიშით,
რომ ახლოდან გაეგონა ღმერთს ჩემი ლოცვა...

მამას

მე ვიცი,რაც გაყვირებს ძილში -
შანდლებზე წამოცმული გველები
ენებით გინათებენ ოთახს.
და მართლაც რა საშიშია ეგ მოგუგუნე სიბნელე -
ცბიერი შუქით დაგესლილი...
მე ვიცი,როგორ საპონივით ისვამ ღამღამობით
შენსავე გულს მთელს სხეულზე.
როგორ მონდომებით იცილებ ლაქებს
შენივე გულის ქაფით.
იქნებ,ამიტომაც,
დედა ყოველ ღამით გამოდის სიკვდილიდან
და ვარდებს გირგავს იმ ჩუსტებში,
შენ რომელშიც დილაობით ფეხებს აბიჯებ...
გთხოვ,მიაგენი ჩვენთან სახლში
ჩემს ბავშვობის ხმას.
ალბათ კანფეტების ყუთთან იქნება სადმე ახლოს.
და თუ მარმელადის გოშია აყეფდეს,
ან რამე ამდაგვარი,
ესე იგი, ჯადო ახსნილია...

როგორ იქნება ამ ზამთარს ჩემი საქმე?
ვთქვათ,რომც გავმდიდრდე,
დიდფანტელება თოვლს კი არ გამოვიწერ,
მოვიმარაგებ უპრობლემო არხეინ დღეებს,
ოთახებიდან გავაძევებ თავხედ თხუნელებს
და გულმოდგინედ იატაკის ღრმულებს შევავსებ.
წესიერ ნივთებს არ ავურევ წესიერ გზა-კვალს.
დამჯერე ხელი მტვერს აიღებს ხავერდის ნაჭრით.
არ შევადარებ საათის ხმას
ფეხშიშველა ბავშვების ტანტალს.
აღარასოდეს შევადარებ რამეს - რაიმეს...
მაგრამ ვაი თუ დამიძახა იმ ხიდმა ღამით! -
(მას ეშინია,რომ შეუძლია გადახტეს ქვემოთ)
თითებს მიფშვნიან ღონიერი მისი რკინები -
მოაჯირით რომ მეჭიდება
და აღარ მიშვებს...

ისევ ჩამქრალა თაფლი -
კაბის კალთით მიტანილი სახლში.
რუხი ფერი დაკრავს,ჩითის გემო
და ჯადოსავით შიშხინებს შიგ რაღაც.რა?
გახელილ თვალებს ვყოფ შიგ
და ასეც ვერაფერს ვხედავ.
არაფრით გამომდის ზეიმი,
კისკისების ალმებით დღეების მორთვა.
და ვერც ვერავისთან ვიტყვი,
რომ ყოველ ღამით
ნაჯახივით ვიქნევ საკუთარ თავს,
რაც შეიძლება სწრაფად რომ მოვჭრა
კიდევ ერთი
და ისევ რაღაცის ხათრით
მოთმენილი დღე...

წვეულებაზე მოდიან ტანსაცმელები,
რომელთაც ქვეშ ჰყავხართ თქვენ 
და მეშინია.
მოხალული თხილი
ათასი მიმართულებით მიექანება
და უჩინარდება ღრმა თეფშებიდან.
უთვალავი ენა.ფერად-ფერადი ტუჩები.
ყბების ქნევის სხვადასხვა რიტმი.
რა უცებ პატარავდება,
მალე კანფეტის ქაღალდშიც შემეძლება 
გავახვიო წარსული.
თქვენმა დღეებმა კი მოიფიქრეს
რაღაც ახალი გასართობი -
თანხმობის ნიშნად თავმოქანქარე ქალების გარდა,
ფირიდან ყველა სხვა კადრი რომ ამოჭრეს.
რა ევალება თანამედროვე სევდიანს?
რის მიხედვით შეარჩიეთ ქალები,
რომელთაც ყველაფერი ასწავლეთ?..

"სულ არ შეგეხები შენ -
მიწას, რომელიც ნამდვილად არსებობ
და არც გედავები.
უბრალოდ არსად ჩავვარდები,
თუ უგზოდ ვივლი, უტერფებოდ.
უბრალოდ სახლიც ყველგან მექნება,
თუ უგზოდ ვივლი, უტერფებოდ.
თუმცა თავსხმაა, ხელს არ ვუშვებ
დედამიწის არც ერთ, არც ერთ ეტლს,
აივნებზე, საძინებლებში და სკვერებში
რაც საბავშვო ეტლებია, ყველა ჩემია.
მხოლოდ აქა ვარ -
მიწის ზემოთ და ეტლებს ირგვლივ
ზეცას კი ვკარგავ - ის უძრავია,
რადგანაც წვიმის გვირისტები - შავი და გამძლე -
გადაატარეს სუყველა ჩიტზე
და ცოცხალი აღარცერთია..."


*
"წამების რიტმში დაიკეცა დღე წერილივით.
და ჩამობნელდა, რადგან კუბოში -
ხის კონვერტში ვარ მოქცეული
ყველაფრიანა, რასაც ვცრუობდი
და გზაში ვარ სადღაცისაკენ.
შენთან კი, ზემოთ,
ყველა მექანიზმი ხელუხლებველია.
მხოლოდ გუგულია ამოგლეჯილი დროიდან -
მოღრუბლული ციფერბლატიდან.
და აი, ხომ ამდენი ჩიტი ჩამოგკივის
მაღლიდან ათასგვარ საიდუმლოს,
დროს მაინც ვერც ერთი გეუბნება".

Samstag, 7. März 2009

დათო ბარბაქაძე

საკუთარი თავის მიმართ
(დიდაქტიკური ლექსი)
შეგიძლია სტაბილურად კვდებოდე ყოველდღე
და წარსულს მიწაზე ანარცხებდე ბურთივით
ან მყიფე ფორმებივით,ასევე ყოველდღე,
მაგრამ უნდა შეგეძლოს,
არც ერთ შენს ასაკში,
ერთდროულად მიწაზეც იდგე და სწრაფცვალებად ნორმებსაც იცავდე.
შეგიძლია აღრმავებდე ურთიერთობებში გაჩენილ ბზარებს
და ეს საქმე უფრო გშველოდეს, ვიდრე ხსოვნაში დალექილი ურთიერთობები,
მაგრამ არ უნდა შეგეძლოს ცხოვრობდე ერთხელ და იმასაც ფიქრობდე,
რომ ერთ ადამიანს შეუძლია ჭკუიდან გადაცდეს ორჯერ ან მრავალჯერ.
შეგიძლია რაღაცას ებრძოდე და ბრძოლას მას მერე უფრო განაგრძობდე,
როცა აღმოაჩენ, რომ ეს შენი ბრძოლა ვიღაცეებს საგანგაშოდ ახარებთ, აწყობთ,
მაგრამ არ უნდა შეგეძლოს, ცხოვრობდე ერთხელ და იმასაც ფიქრობდე,
რომ ერთგულებამ შეიძლება იყვავილოს ორჯერ ან მრავალჯერ.
შეგიძია ზურგში სწვდე შენს თავს და აჩქარებით შეაგდო სიზმარში,
რომელმაც ვერ უნდა განმარტოს ცხოვრება,
ვერ უნდა დაიცვას უპატრონო შენი მიგნებები იმათგან–გაბოროტებული ხალხისგან,
მაგრამ არ უნდა შეგეძლოს ცხოვრობდე ერთხელ და იმასაც ფიქრობდე,
რომ ერთი კაცის ცხოვრებაში სიყვარული შეიძლება არსებობდეს ორჯერ ან მრავალჯერ.
შეგიძლია ამტკიცო ყოველდღე, რომ რაც აქ ხდება,
ის ხდება ყველგან,
რომ ყველა ადგილი, რომელსაც შევეხეთ, ღმერთისგან მიტოვებულია,
მაგრამ არ უდნა შეგეძლოს, ცხოვრობდე ერთხელ და იმასაც ფიქრობდე,
რომ შეიძლება რამდენჯერაც მოგინდება, შეიცნო იმდენჯერ.
შეგიძლია ახვიდე ქვეყნად ყველაზე მაღალი სახლის სახურავზე,
უყურო მიწას და ხედავდე არაფერს, სავსებით არაფერს,
მაგრამ არ უნდა შეგეძლოს, ცხოვრობდე ერთხელ და იმასაც ფიქრობდე,
რომ შეიძლება კვდებოდე არა დღეს, კვდებოდე არა დღეს.
მე მინდა გირჩიო: აღიარე ძვირფასი წარსული.
აღიარე რაც უკვე დაკარგე.
ყველას წინაშე აღიარე ვინც ამას მოითხოვს.
დავიწყებისკენ გაქანებული შენი თავი აუწყე ყველაფერს,
რაც გამშვიდებს და შემპარავად გაიძულებს იყო ისეთი,
როგორიცაა ყველა, ვინც ცვალებად ნორმებს აღიარებს.
შეგიძლია უნუგეშო, მყიფე ფორმებივით კვდებოდე ყოველდღე,
მაგრამ იმ ერთხელ, როცა დრო მოგივა, მართლა უდნა მოკვდე.
შეგიძლია უყურებდე ბედნიერ და უბედურ სახეებს და ხედავდე არაფერს, სავსებით არაფერს,
მაგრამ როცა ვიღაც მოდის და შენს წინაშე რაღაცას ივიწყებს,
დაღლილ და ხსოვნას შეტოვებულ ურთიერთობებში უნდა კითხულობდე მხოლოდ შენს ყველაფერს
გაზაფხული
ინგებორგ ბახმანს
გუშინ წითელი ამინდი იყო.
შენ იცი, რას ნიშნავს,რომ მზე ჩავიდა და ქალაქში წითელი ამინდი იყო.
შეხედე, როგორ კივის და წვალობს ქარიშხალი,
რომელსაც ზამთარი დაუკარგავს, დაუკარგავს თოვლი, ხეები,
და იცის, რომ ვეღარ დაეწევა.
შეხედე, როგორ კივის და წვალობს, _ ადამიანივით,
რომელმაც ვერ ნახა გასაღები თავისი სახლის.
შენ იცი, კუდში ტრიალი სასტიკია:
როგორც ჩანს, ხმაურიც თავიდან დალაგდება,
_ ყველა სახლის მყუდრო ბინადარი,
ძაღლებს სანაპიროსკენ არავინ გარეკავს,
კარსაც არავინ შემოგვიღებს.
შენ იცი, სასწაულებს ჩაიდენს ეს დრო.
მოქალაქეები ერთმანეთს ეხეთქებიან
და მძიმე წარსულზე ფიქრი სერავს მათ სახეებს,
უბედობამ შემოუარა ქალაქს ცეკვა-ცეკვით
და გადაწყვიტა, რომ ქარიშხალი ვერ გავა ქალაქიდან;
ფოლადის სალტედ იქცა მისი ნაკვალევი,
მის სიტყვებს ფოლადის გემო დაკრავთ.
არადა, ტიბეტი უკვე იყო,
უკვე მოძრაობდა, როგორც დრო, როგორც თევზი.
შეხედე: ნუთუ ამ მამაკაცებიან ქალაქში აღარ აცივდება?
ნუთუ სამუდამოდ წავიდა ზამთარი
და კედლები ურყევად, უსაფუძვლოდ დგანან?
ნუთუ კითხვები მხოლოდ პასუხებს გაეცემათ?
სასტუმროებს ტოვებენ დიდი, ციური დათვები და სასტუმროები ცარიელდებიან,
მინდვრებს ტოვებენ დაკლული ხბოები
და მინდვრებიც ცარიელდებიან,
სადღაც ზარივით გაისმის ცეცხლის ხმა
და ჭადრაკის დაფაზე წაქცეულ ფიგურებს წითელი დღე მსჭვალავთ.
სასწაულებს ჩაიდენს ის დროც, ხვალ რომ დადგება.
შენ იცი, წყლის ერთ წვეთში მოცემულია ჩვენი სახე,
ჩვენი მძიმე და უიღბლო წარსული,
ჩვენი საერთო საცხოვრებლის გრძელი დერეფანი,
ასობით წითელ ამინდს შეტოვებული გულისცემა.
მაგრამ შეხედე, ეს არ იქნება: ქარიშხალი ზამთარს დაუბრუნდეს,
მერყევი ხებით, თოვლით, რბილი და საშიში სახურავებით,
იგი შორსაა, ვისთვის _ შეყვარებულის ბაფთასავით,
ვისთვის _ მკერდივით,
ვისთვის _ ბარათივით.

სასოწარკვეთილები

(ზღაპარი)

(დავით ჩიხლაძეს)

დედამიწის ყველა კუთხეში მოკლებულები სითბოს,

შევიყარენით აქ და ვამტკიცებთ, რომ სახურავები სავსე იყო თოვლით.

სახურავები სავსე იყო თოვლით და იმით,

რაც ჩვენი ხსოვნის გარეთ დარჩა.

შევიყარენით დედამიწის ყველა კუთხეში და ვიჩქარეთ კუნაპეტი ღამისკენ,

რომელიც სავსე იყო თოვლით,

სადაც ეწყო სახურავები და მეხსიერება დააბიჯებდა ირიბად, ალმაცერად.

საუკუნოვანი შედარებები კარგავდნენ ყველაფერს, რაც თვალს ირგვლივ ეკრა,

და უფრო ასატანი ხდებოდა ცხოვრება.

კუნაპეტ ღამეში გაისმოდა ხეების შრიალი

და ელვის სისწრაფით გადავყავდით გაზაფხულის მთვარიან ღამეში,

რომელსაც გადმოვყავდით სუსხიან ზამთარში,

რომლის სახურავები სავსე იყო თოვლით,

რომელსაც ხსოვნა იდუმალებით და ხეებით ავსებდა.

ხეების განლაგება სავსე იყო თოვლით

და იდუმალება სავსე იყო ყველაფრით,

რაც ერთი–ორად გვიახლოვდებოდა.

განლაგებულები დედამიწის ყველა კუთხეში, ერთმანეთს ვითხოვდით

და ვიყავით მოძრავები, დავიწყებულები;

ჩვენი ცხოვრება ივსებოდა თოვლით და ივსებოდა რწმენით,

რომ ისიც–ჩვენი ეს ყოფა–შეიძლება ატანილ იქნას სახურავის წვერზე,

თუ ის– სახურავი სახურავებს შორის–გადაფარულია ახალი თოვლით.

სახურავები სავსე იყო თოვლით და ჩვენი მონდომებაც სავსე იყო თოვლით.

ჩვენ ის გვივიწყებდა ყველგან, სადაც გადაგვაწყდებოდა.

ჩვენი მონდომება თოვლით სავსე ხსოვნის იქით ქროდა

და გვივიწყებდა ყველგან, სადაც გადავაწყდებოდით.

ჩვენი ცხოვრება სავსე იყო ძველი და სისხლსავსე ნივთების სიმრავლით,

რომელსაც დასდიოდა ახალი თოვლი

და მშვიდად ფარავდა სახურავებს, რომლებიც სავსე იყო ყველაფრით,

რაც უკვე სავსე იყო ჩვენით.

დედამიწის ყველა კუთხიდან ერთმანეთისკენ მოვეშურებოდით

და ვმღეროდით, რომ ხეებით და სახურავებით სავსეა თოვლი.

საუკუნოვანი შედარებები კარგავდნენ მნიშვნელობას

და უფრო ასატანი ხდებოდა ცხოვრება,უფრო ასატანი ხდებოდა თოვლი.

dato barbaqadze

შენ ხარ ქარის გამონაგონიჩემს ფიქრში,

სადაც არ არსებობს

ცარიელი ადგილი შენი ოცნებებისთვის

რომლებიც ფრთხილი ჩეიტებივით სხედან

გამქრალი ამდენი სახის ამდენ ნორჩ ტოტზე

და არ იციან,როდის გაქრებაის, რაც უკვე გაქრა მრავალგზის და არც ოდესმე გამოუჩნდებათ,

და მათი ფრენა არის არცოდნა გამქრალის ხსოვნის

სადაც მე და შენ,

როგორც თბილ ძაფს,

ვართავთ ერთმანეთს

და ერთმანეთის გასაგონად იღიმიან "სად ვართ" და "ვინ ვართ"

რომელ შენს ფრთაში? რომელ ჩემს ფიქრში?

dato barbaqadze

ნატურმორტი

თოვლითჰაეროვაი აივნების, მძიმე სახლების

გაქანებული მანქანების მთელი ეს თოვლი,

სხვა ჰაეროვან აივნებში თავშარგული,

მყისიერი სხვა მანქანების სახურავებზე მობინადრე,

ან სასაცილო სხვა ბავშვების სირბილს მალვით ადევნებული,

ქუჩა-ქუჩა დაკარგული ყველა ეს თოვლი,

ღამის სკვერში თავმოყრილი მეგობრობი

სათასობით ფეხქვეშ თელილი

ყველა თოვლის ყველა ეს გულიმოსული უთქმელ შეხებად,

შეუმჩნეველ საყვედურებად

გალეული ყველა თოვლის მთელი ცხოვრება,

მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე

გალეული ყველა თოვლის ყველა ცხოვრება,

ყოველდღიური ამა თუ იმ ადამიანის

ამა თუ იმ გაკვირვებამდე,

რომ ეს თოვლი სულ სხვა თოვლია,

სადაც მერე რომელიმე სხვა, უცნობი თოვლის საფარქვეშ

ყოველდღიური სხვა, უცნობი ადამიანი

ხედავს სხვა სიზმარს,

ხოლო სიზმრად-არაერთ სხვა თოვლს:

სახლის კუთხეში შეუმჩნევლად, მწარედ თავჩარგულს,

მთის შორ კალთებზე ნაბიჯ-ნაბიჯ ამაღლებულს,

სასაცილო ბავშვების დევნით გაფერმკრთალებულს

ან, როგორც ხშირად ხდება ხოლმე,არასდროს მოსულს.

dato barbaqadze

მორიგი წამის პოეტიკა

სასოწარკვეთილი დამახსოვრება

ერთმანეთის თვალის ფერის

და მოგზაური ნაბიჯების დამახსოვრება

სასოწარკვეთილი დავიწყებით

მწარე სინანულის ეს-ესაა ქრობით

ჩვენი გულის ნებისმიერ ხვალინდელ დღეში

ცრემლებს მიღმა შენახული

წარუშლელი თვალის ფერის დამახსოვრებათა განლევა

და ამ ხდომილების პროგრესიამ პროგრესის სიგიჟის შემჩნევა

ცშიშით ან პანიკით

ჩუმად თვალის დევნება მისთვის

ჩვენს სხეულში ჩვენი ფრთხილი მოძრაობები

ფეთქებადი ნახტომები

გაბნეული ამ სხეულის სხვადასხვა ცენტრისკენ

დაკარგული ამ სხეულის ძიება

შიგნიდან ან გარედან

რაც უკვე თითქმის სულერთია

გამქრალი ჩრდილები

და მათი ხსოვნის თვალის ფერიდან

გაჩენილი სხვა ჩრდილები

მათი გადაადგილებებიჩვენს მოთვალთვალე ფიქრში

ჩვენს შეშინებულ სიგიჟეში

რომელსაც უკვირს ეს სისწრაფე ყოველი ქრობის

ყველაზე უფრო რეალური აბსტრაქციების გამრავლება

ნებისმიერ გამოთქმულ მზერაში

სხვათა თვალის ფერის ნებისმიერ მოულოდნელ უკანდახევაში

და ჩვენივე თვალის ფერის კლებაშიც

ყველგან

ყველა იმ სხვა თვალთან შეხებისას

რომელიც არ გვახსოვს

რომელიც მწარედ გვავიწყდება

გარდასულებს ნებისმიერ ხვალინდელ დღეში

სადაც ეს სისწრაფე

სადაც ეს ყვირილი ყოველი ამ ქრობის

სადაც ჩვენი დამახსოვრებების განლევაამ განლევის ცრემლიანი სისწრაფე

და რომელიმე ჩვენს უფსკრულში ჩამწყდარი გული

ერთმანეთის სასოწარკვეთათა დამახსოვრებები მათშივე

და პროგრესული განლევა მათი თვალის ფერის

მშვიდად მშვიდად დაკარგული მეხსიერებაში

მშვიდად მშვიდად განლეული დამახსოვრებებში

დავიწყების სასოწარკვეთებში

dato barbaqadze
ეს არ გავს ეს არ გავს ამერიკა ერაყის ომს, ეს არ გავს რუსეთში ბოლშევიკების მიერ მოხდენილ რევოლუციას, ეს არ გავს ასაკში შესულ ცოლს რომელიც წარამარა მზერით გამოწმებს ამჩნევ თუ არა მის გაღრმავებულ ნაოჭებს სახეზე და აკვირდები თუ არა ტელეეკრანზე ახალგაზრდა გოგონების შიშველ სხეულებს. ეს არ ჰგავს არც რომელიმე პროზაული ნაწარმოების მთავარი გმირის უეცარ სიკვდილს, რომელსაც ბოლო ოცი წუთის განმავლობაში, მონდომებით გაყვარებდა მისი ავტორი, ეს არ გავს გაყინულ ხორცს მიჩერებულ მშიერ თვალებს გაჭირვებული ოჯახის სამზარეულოში და გალღვობის გაწელილ ლოდინს. არც უილიამ ფოლკნერის რომელიმე პერსონაჟის არაადეკვატურ ქცევას, მისი ფსიქოპორტრეტის გათვალისწინებით, არც ჯეფერსონის რომელიმე ცნობილ გამონათქვამს, და მით უფრო ეს არ გავს ჯოისის ულისეს შესაძლო ეკრანიზაციის არც ერთ საუნდრეკს, მე შემიძლია დიდხანს ვამტკიცო, რომ ეს რა თქმა უნდა არ გავს ვაუჩერიზაციის ახლად მიღებულ კანონპროექტს, და არც ერთ სვარაუდო პასუხს კითხვაზე, საით მიფრინავენ იხვები, როდესაც ტბა იყინება. და რა გასაკვირია, თუ საზოგადოების უმრავლესობის მხრიდან გლობალიზაციის არასწორ აღქმასაც არ ჰგავს. ან რომელიმე საბჭოთა გამოცემის წიგნში განხილული ქართველი კლასიკოსის, ალეგორიულ სიუჟეტს, ცენზურისთვის გასაპარებლად. არც ჯადოსნური ზღაპრის მთავარი და დადებითი გმირის ხასიათში ვერ შემჩნეულ არატოლერანტობას, რომელიც ბოროტს, გამოსწორების შანსსაც არ აძლევს, არც კარლო კაჭარავას ქუჩაში ცემას, არც ჯოპლინის ნაადრევ სიკვდილს, არც აკუტაგავას თვითმკველობამდე დაწერილ მოთხრობას. მაგრამ საოცრად ჰგავს, ომში ნამყოფ და ფეხმოჭრილ მამას რომელსაც შვილი, დახეული ფეხსაცმელითა და მშიერი კუჭით, ამტყუნებს და ამართლებს ერთდროულად ყოველ შეხედვაზე.
ioriki
ევას დღიურიდან გახსოვს... ან როგორ არ გემახსოვრება ათასი თვალით გკიცხული ჩემი და შენი სიყვარულის არეული ნაბიჯებით გზების გადაბმა. მონოტონურად დამტვრეული დუმილი: _მიყვარხარ! _მე უფრო, _მე უფრო, _არა მე უფრო... და ვიყავით ორივენი ერთმანეთზე უფრო მართალნი. შენი ფიქრების სუნი ჩემამდე გამოწვდილი გამხმარ ტოტებად. გახსოვს... მე მახსოვს, ღალატის ფასად ჩემი სახლის სუნის გადათქმა. და არ თქმა, ნათქვამზე უფრო მეტის. ჩემი თავი როგორ წაგართვა? გახსოვს, კოცნებით როგორ გეჩუქე? სიყვარულის ცეკვა ჩვენს შორის და უფრო ახლოს... სხვებს კი ეგონათ მხოლოდ გეთხოვე. მახსოვს_ როგორ ესესხე სხვა ქალს ვნებები_ მე კი არ მთხოვე... ხველა მახრჩობს და ხველებით გადმოყრილი სიტყვებით ფურცლის თეთრეულს ვანდობ ჩემს ქალურ ვნებას, ხელებით ვწვები ჩემს თეთრ საწოლში და ვარ თავნება. მაქ თუ მიკრძალავ_ აქ არ მთავრდება... და ვიდრე გამოფხიზლდება_ გაუძლებს ლოდინს ქალი დამთვრალი... ისევ გიყვარვარ? მე უფრო ახლა მე ვარ შენზე მართალი.
ioriki
ახლოს ვერ მოვალ... მეშინია არ გადამედო, არ შემეყარო, არ შეეჭრა გულს ინფექციად, მიჯობს გვირილა გამოვძებნო კენტი ფურცლებით_ და სიყვარულში ბრალი შენ დაგდო.
ევას დღიურიდანგათბა... და ისევ გადმომეღვარა.გაწყდა... და თავისით გადაება.შემომიჩემდა და ვერდავიწყებამდე შემომიძულა...და მივხვდი _რომ არ მჯეროდეს მოციქულების სასწაულების,რომ არ მჯეროდეს სიყვარულის დღესასწაულის,რომ არ მჯეროდეს ჩემი სიკვდილის,რომ არ მჯეროდეს აღსარებების,რომ არ მჯეროდეს მეგობრობის ერთგულების გაუყიდლობის,რომ არ მჯეროდეს ფულის დიდი ძალაუფლების,რომ არ მჯეროდეს წვიმის სისველის,რომ არ მჯეროდეს შენი დაბრუნების,რომ არ მჯეროდეს ჩემი სარკის _ თვალცრემლიანის,რომ არ მჯეროდეს ჩემი სისუსტის,რომ არ მჯეროდეს ადამიანების, რომ არ მჯეროდეს ჩემი მეზობლის მოწოდებული ასანთის ღერის,რომ არ მჯეროდეს ქალაქური თავშეყრისა და გადათრობის,რომ არ მჯეროდეს სიგარეტის _ ნერვების წამლის,რომ არ მჯეროდეს ღამისთევების,რომ არ მჯეროდეს სუფთა თვალების.რომ არ მჯეროდეს ტკივილების _გადავრჩებოდი...................................მჯერა!
ioriki
აბებით დაკემსილი სიზმარისაფერფლეს დავრგავ უძრავ მაგიდაზე,ტუჩებზე გამოვიბამ ნაყოფად _ სიგარეტებს,ვიცი, აღარ მოხვალთ, როცა დაგიძახებთ,უკვე რა ხანია, არ ვდევ მზის კარეტებს.სახურავს გადავხდი სახლს დაცას გავზრდი ოთახში,ამ ოთხ კედელში ისე მოვთავსდი,აღარ მსურს გასვლა.თქვენ კი, როდესაცბუკინისტებთან ნაყიდი წიგნის ყდაზე ნახავთჩემს სახელს მიწერილს_ვერ მიცნობთ.დაბერდეს! _ არ ჰგავს თუკი ბავშვი ბავშვს,თვალზე მოიბას აწმყო კადრებივით,სდიოს უდაბნოს ქვიშიან ქარში რაშს,ქვიშის საათი ააწყოს კარებივით.და დახუროს,დახუროს მაინც - უკვე არავინ მოვა, ისეთი სხვა ვინც სხვის საქმეში ბრძენი არ არის,და არ იტყვის ერთ მარტივ სიტყვას,რომელიც ყველა შეგონებას და ყველა რჩევასერთად ეყოფა.რადგანაც ბოშა მკითხავმა უკვემთელი ცხოვრება ხელზე დააწერა.და სჯობს, ანკესის კაუჭით გამობმული _ არქივი თვალზე, გადაქექოს და იპოვოს კადრი,რომელზეც ღირდა დამთავრება და უყუროს,უყუროს, და თქვას, და იმეოროს _ტუჩებზე დამეწყე, თვალს გადაედე,სუნთქვა დამეწყრე, ტანს გადაედნე,შენში ჩამიტანე, კოცნა გადაყლაპე, ბგერა მოიპარე, თმაში ჩამაყარე _და დახუროს კარი.
სიყვარულის ახსნადამახარისხე ღირებულებებად და მერე გადამაფასე. და შენთან მოსულს დესერტად ვაშლს ნურასოდეს შემომთავაზებ. ნურასდროს მკითხავ სხვის ადგილას როგოგრ მოვიქცეოდი,რადგან ჩემს ადგილზეც ჯერ არ ვიცი როგორ მოვიქცე. იცი ლუარსაბ თათქარიძე და ნიცშე ორივე კაცები იყვნენ. იცი ერთთეთრიანები და ორთეთრიანები ამოიღეს ხმარებიდან, იცი ქართველებს ამერიკა ათიათასს სთხოვს ვიზიტში, იცი ვარდი და დარდი უკვე ბანალურ რითმად ითვლება, იცი ტაშის დაკვრას ყველა ერიდება, მის კომპეტენტურობაში ეჭვი რომ არავის შეეპაროს, იცი ბრძოლაში ყველა ტყვია არ ხვდება მიზანს და ყველა სამიზნე პოტენციური მკვლელია. იცი ფეხებზე მკიდია ჟირინოვსკის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, იცი მოვალეობა ყველაზე საშინელი გრძნობაა, იცი ყოველ მეორე ახლად დაქორწინწბულს ეჭვი ეპარება ის იპოვა თუ არა ვისაც ეძებდა და ამ ეჭვით იტანჯება ცხოვრების ბოლომდე. იცი ახალი ფეხსაცმელების ქვეშ დახეული ნასკები მაცვია, იცი თითქმის ყველა უმანკო ქალი სცოდავს ფიქრებში, იცი ჩემი დეკანი ცისფერია, ჩემი ცისფერი კურსელი კი კათედრაზე დარჩენას ოცნებობს. იცი ლარის კურსი კიდევ დაეცა და ეს ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს, იცი პირველად რომ ვიყავი ქალთან გახდის შემრცხვა და ტირილი მომინდა, იცი პრეზერვატივების ყიდვის ისევ მრცხვენია. იცი ყველა პატარა ბავშვივით მიყურებს და უინტერესო ვგონივარ. იცი მამაჩემს ეგონა, რომ ჩემგან კარგი ადამიანი დადგებოდა, იცი ძალიან მიყვარხარ,მაგრამ არ ვარ დარწმუნებული,რომ ცხოვრების ბოლომდე შენს გვედრდით ყოფნას შევძლებ............................იცი, ტყუილად გამარტყი.
ioriki
ტყეტყე რომელიც თვალით არ გინახავს, გაიჩეხება. შეიტან სახლში : ერთ სკამს,მაგიდას,ერთ საწოლს,ერთ ქვაბს და დაეტევი სათითაოდ ყველა მათგანში. ხელისგულზე რიგრიგრობით დაიწყობთ ერთმანეთს, შენ და საათი და ცხოვრების ამ მონაკვეთში უამრავჯერ დახედავ საათს და მაინც ყველგან დააგვიანებ. ტყე, რომელიც თვალით არ გინახავს, გაიჩეხება, როცა საწოლს, ერთის ნაცვლად ორი გული დაუწყებს ფეთქვას და შეიტან სახლში კიდევ ერთ სკამს, უფრო დიდ საწოლს... მერე მოუწევს კედლის საათს ერთის ნაცვლად ორი სხვადასხვა სიჩქარის და განსხვავებული სამყაროს დათვლა. ტყე, რომელიც თვალით არ გინახავს, გაიჩეხება და შეიტან სახლში თეთრ ფურცლებს როცა სიზმარს და სიცხადეს შორის, ზუსტ საზღვარს წაშლი და ერთოთახა სამყაროს ნახავ, სადაც იქნება ერთის ადგილი, და ისე სწრაფად გაიზრდები, რომ ვერასოდეს ვეღარ გამოხვალ... დიდი ხნის მერე როცა სარკიდან, შენივე თავი ნაოჭებით დაგეპრანჭება, საათი-შენი პულსის წამზომი შენგან თითქმის მივიწყებული, აქეთ დაგიწყებს ხოლმე ყურებას. ტყე, რომელიც თვალით არ გინახავს გაიჩეხება. და კაცუნები, გამოთლიან შენთვის კარებს ამ სამყაროდან გასვლისას რომ გაიჯახუნო. და მიწის ზურგსა და კიდევ უფრო რაღაცის უკან შენც კარს ისე გაიჯახუნებ , რომ ტყეში, რომელიც შენს გამო გაჩეხეს ერთ პატარა ნერგსაც არ დარგავ. ---------
ioriki
სახლი“მე მინდა სახლი, რომ იქიდან სადმე გავიქცე...”როცა გისოსები შუაშია,ძნელია მიხვდე რომელი მხარეა სატუსაღო,გისოსებს აქეთ, თუ გისოსებს იქით.არასდროს ყოფილხარ სულერთი,სულ ერთი იყავი. შენ კი ამ სიცარიელეს, სიტყვებს შორის ვერც კი ხედავდი.ჩემი საათი, რომელიც ყველას ჩემი სურათი ჰგონია,მუდამ ერთ დროს მიჩვენებს_შენ მე მაკლიხარ.თვალები_ჩემი სახლის ფანჟრები, წამდაუწუმ იხსნებიან და იხურებიან.კარი არ მაქვს, და შემოსასვლელად, ფანჟრებს გთავაზობ_დახურვამდე თუ შემოასწრებ...ჩემი სახლი კი, უფრო სწორად ერთი ოთახი,ფიქრების არქივით,ოცნებების სასაფლაოთი,და სიზმრების დამტვერილი თაროებით_ჩემში ეტევა.თუ კი სხვები სახლში ცხოვრობენ, ჩემი სახლი ჩემში ცხოვრობს და ამ ხნის მანძილზე ისე გაზრდილა, რომ ვეღარც გადის...შემოდი რა,შემოდი და ერთად ვიცხოვროთ.თორემ გისოსები შუაშია დაძნელია მიხვდე, რომელი მხარეა სატუსაღო,თორემ მანძილს სიტყვებს შორის ვეღარ ხედავ დაჩემი საათიც დროს აღარ მიცვლის.იქნებ ფანჟრიდან გადმოიპარო,თორემ...სახლიდან ვერ გამოვდივარ.
ioriki
როცა ტერფები დაატყვე სილასშენს ნატერფალში ჩემი ტერფით ვერ ჩავეტიე.გავყევი დილას,გათენების ირიბი ტემპით,ჩემს და შენს შორის ვერ ჩავრგე ტირე_გამოგეტირე.როცა ხელები გამომიწოდე,ჩემი ხელებით შენს ხელებში ვერ დავეტიე.ნეტა იცოდე წარსულიდან შენამდე როგორ გამოვეტიე.როცა მივედი შენს არყოფნამდეშენმა ნატვრებმა ვერ დამიტია,ახლა ნაბიჯი დამრჩა მხოლოდ უარყოფამდე,და ყოველი წუთი უკვე დინამიტია.თუ კი წარსული წამოეწია ჩემს ცხელ საფეთქელს_უნდა ავფეთქდე.
ioriki
ბორბლებიანი ეტლინეგატივში, რომელიც დედაჩემმა გაამჟღავნა, ვჩანვარ მე – ბორბლებიან ეტლში, დედაჩემის მკერდით კი არა ნაოჭიანი ხელებით გამოკვებილი და დასვრილი პირით. და მხოლოდ ასაკის გამო არ მეთქმის ბავშვი. რომელსაც სიარული ჯერ კი არა ვერასოდეს შეუძლია. და ეს ამაბავი, იყო და არა იყო რათი მოსაყოლია და ზუსტად იმდენად გასაყიდი, რამდენიც არ ღირს. ან შეიძლება სულაც არის კარაქიანი და ყველიანი ბუტერბროდი ომიანობის დროს რომ დაუვარდა ახლა უკვე ჩემს დიდ ბაბუას ბავშვის თვალებით და ტელეეკრანიდან გამოფრენილმა ბეღურებმა აკენკეს ბოლოს. ანდა არის, გონებაზე წვეთოვანით მიერთებული სამშობიარო ყოველწუთოვან სეზონებზე ახალშობილი ტირილებით თან იმდენად პატარებით რომ აზრი არა აქვს მათთან რამის გარკვევას. ანდა სულაც ეს ყველაფერი მოხუცი ქალის სახის ნაოჭების ქვეცნობიერში ჩაკარგული სილამაზეა რომელიც შეიკუმშა მშობიარობის ვიდეოჩანაწერის უკუღმა დატრიალებასავით და არის სასწაული რომელიც არასდროს აღარ ახდება იმ მარტივი და დავიწყებული მიზეზის გამო, რომ რამდენიმე საათის და ბევრი წლის წინათ ის უკვე ახდა. ან შეიძლება ეს ყველაფერი არის ძველი მატარებელი რომელიც მოულოდნელად გვერდით ჩაგივლის და გავს მომაკვდავი ფილმების ვიდეოთეკას კასეტების ნაცვლად ჩალაგებული ადამიანებით. სავსე ასობით ისტორიით და შენ არც ერთს რომ არ გიჩვენებს. ან ეს ყველაფერი არის განცდა როდესაც ზღვა შენსკენ მოძვრება და ზღვაში დამხრჩვალ ადამიანთა ხმებით გეძახის შენ კი შეშდები ადგილზე - რომელიც სულ უფრო და უფრო ემსგავსება ბორბლებიან ეტლს დედა კი დიდი ხნის გარდაცვლილია
ioriki
გ ა დ მ ო მ ა ტ რ ი ა ლ ე
მოდი, შენ უნდა ამომაბრუნო,
ასე გადაბრუნებულიგამკიდეს თოკზე -
და რა ხანია უკვე მშრალი ვარ.
სისხლი ამიშრა ტანიდან და
მზემ გამახუნა.
მოდი როგორმეყელთან თოკი გადამიჭერი -
მკვდარი ნერვებისაყელოსავით ჩამომისწორე.
დაჭმუჭნული და ტანზე შემხმარი სიცოცხლეხელებით დამიუთოვე.
mერე ჩემიცვი
სხეულზე მომირგე
და არასდროს არ გამიხადო.
დაგეტოლები
და ვეცდები სულ ყველგან გეყო
შემოგეხვიო
უნდა გაგათბო!
მოდი ხელები ჩემიყავი ჯიბეებივით -
მახსოვრობაში.
და შენი სუნი შეანახინე.
მოდი შენ უნდა ამომაბრუნო,
ეს მე ვარ ! -
უბრალოდ,გადაბრუნებულს მხედავ
და ვერ მცნობ . . .
ioriki
თოვლიროცა ცას მართმევ,ასე მგონი გჭირდება და ამიტომ გატანან ცას რა მართებს ჩემი,ხანდახან სახეს ჭორფლიან ღამედ მოხატავსწვივები ისევ დაგიწვრილდება ნაწვიმარ გზაზე,ორი გუბეც და აღარ გაგიჭირდება მისვლა საზღვარზეზამთრამდე, რჩება ისე ცოტა დროძამთრამდე უნდა,უნდა მოასწრო,მთEლი სხეულით ზეცა მოხატოდა სიზმრებიდან დახეული მზე მომაწოდო,გულზე მომაწვა და ფეხაკრეფით უკან ახვიდედამესიზმრები,ფარდის ჩახეულ ქვედაბოლოს გადავწევ და ცას მოგცემისევ მოილოგინებ,მერე თოვათოვლთან ერთAდ შენი თვალის ფერიც მოვაშენ გროვდები და სახეს იხატავ, მე კიშენში ვარროცა ცას მართმევროცა ცას მართმევ და როცა გატან....
ioriki
მატრიოშკებიჩემში შენ,შენში ბავშვი,ბავშვში მარტივი სამყარო.მარტივ სამყაროში უშნოდ დახატული სახლები,სახლებში ადამიანები,ადამიანებში გრძნობები და ემოციებიემოციებში და გრძნობებშისხვა ადამიანები.სხვა ადამიანებში ერთმანეთი და ბავშვები. ბავშვებში დიდები,დიდებში მოხუცები,მოხუცებში მკვდრები,მკვდრებშიმოხუცები,მოხუცებში დიდები,დიდებში ბავშვები.ბავშვებში მარტივი სამყაროდა უშნოდ დახატული სახლები.მე და შენ რთულ სამყაროში,რთული შეგრძნებებით.ბავშვიც რთულ სამყაროში,რომელიც ჯერ ემარტივება,რომელიც მეც მემარტივებოდა, შენც,დიდებსაც,მოხუცებსაც, მკვდრებსაც,სანამ გადიდდებოდდნენ,დაბერდებოდნენ,მოკვდებოდნენ.მატრიოშკები -ერთმანეთში ჩალაგებულიმატრიოშკები.უსასრულოდ,გაუთავებლადჩალაგებული.რაც უფრო მალე გახსნიმით უფრო მეტი იქნება.რაც უფრო ნელა, მით უფრო მეტი დაგრჩება გასახსნელი.უკანასკნელს ვერ მოესწრები.ვერც ისე გადიდდები, რომ პირველი მატრიოშკა იყოდა ვერც ისე დაპატარავდები, რომ უკანასკნელი.სხვადასხვა დროს სხვადასხვა ზომის იქნებიდა სხვა ზომების გემოვნებას ვერ აითვისებ.მოდი ჩავლაგდეთ ერთმანეთში.ძალიან ავირიეთდა ვეღარ ვხვდები ახლა რა ზომის ვარ.გარშემო უშნოდ დახატული სახლები და რთული სამყაროა.მატრიოშკების სამყარო.
ioriki
მატრიოშკებიჩემში შენ,შენში ბავშვი,ბავშვში მარტივი სამყარო.მარტივ სამყაროში უშნოდ დახატული სახლები,სახლებში ადამიანები,ადამიანებში გრძნობები და ემოციებიემოციებში და გრძნობებშისხვა ადამიანები.სხვა ადამიანებში ერთმანეთი და ბავშვები. ბავშვებში დიდები,დიდებში მოხუცები,მოხუცებში მკვდრები,მკვდრებშიმოხუცები,მოხუცებში დიდები,დიდებში ბავშვები.ბავშვებში მარტივი სამყაროდა უშნოდ დახატული სახლები.მე და შენ რთულ სამყაროში,რთული შეგრძნებებით.ბავშვიც რთულ სამყაროში,რომელიც ჯერ ემარტივება,რომელიც მეც მემარტივებოდა, შენც,დიდებსაც,მოხუცებსაც, მკვდრებსაც,სანამ გადიდდებოდდნენ,დაბერდებოდნენ,მოკვდებოდნენ.მატრიოშკები -ერთმანეთში ჩალაგებულიმატრიოშკები.უსასრულოდ,გაუთავებლადჩალაგებული.რაც უფრო მალე გახსნიმით უფრო მეტი იქნება.რაც უფრო ნელა, მით უფრო მეტი დაგრჩება გასახსნელი.უკანასკნელს ვერ მოესწრები.ვერც ისე გადიდდები, რომ პირველი მატრიოშკა იყოდა ვერც ისე დაპატარავდები, რომ უკანასკნელი.სხვადასხვა დროს სხვადასხვა ზომის იქნებიდა სხვა ზომების გემოვნებას ვერ აითვისებ.მოდი ჩავლაგდეთ ერთმანეთში.ძალიან ავირიეთდა ვეღარ ვხვდები ახლა რა ზომის ვარ.გარშემო უშნოდ დახატული სახლები და რთული სამყაროა.მატრიოშკების სამყარო.
ჩემო დროგამოშვებით თავო, ეს რა ხრიკები უსწავლებიათ ბაღში მასწავლებლებს დიდი ხნის წინათ, როდესაც ცოლი ბევრ კითხვას გისვამს, ბავშვივით თავს რომ იმძინარებ. ჩემო ხანდახან თავო, რა უშნო ხარ შიგნიდან, გუშინწინ რენდგენში გნახე. როგორ არ გავხარ სარკის ზედაპირულ ანარეკლს, მთელი ცხოვრება კი ასეთს გხედავდი. ჩემო ზოგჯერ თავო, რა მძიმე ხარ როცა ვიღლები, განსაკუთრებით სველი და აჭრილმიწა ამინდი ფეხებს რომ მიჭერს, გეგონება სხვა მიწასთან ღალატს ვუპირებ. ჩემო შიგადაშიგ თავო, რა ნებისყოფიანი კარიერისტი ყოფილხარ, სიბერის გრძელკიბე იერარქიას რა გამძლედ უტევ. ბავშვობიდან გიყვარს ბოლო საფეხურზე ასვლა და მერე იქიდან ხტომა თავპირისმტვრევით. ჩემო არასაჩემო თავო, რა ხშირად გკარგავ, როცა ყელში დედამიწის ბურთი მეჩრება და ყელის კედლებზე, ადამიანთა უამრავი ხელით ჩაფრენილს - თევზის ფხასავით ამაოდ ვყლაპავ. ჩემო იშვიათად თავო, რა ხშირად ხარ დროგამოშვებით, შიგადაშიგ და ხანდახანში კიდევ უფრო ხანდახან ჩემი, განწყობისთვის რა უჟმური ამინდების სარჩევს მთავაზობ, სახეზე შენი საყვარელი გმირის გრიმს მადებ, ხოლო თვალების ვიწრო ეკრანზე, ამაოდ კიდებ მხოლოდ წარსულის უგემოვნო რესტავრაციას- რა ხანია შევწყვიტე ცქერა… “ჩემო” – თი მომართვას ნაჩვევო თავო, რა უშნო ხარ შიგნიდან, გული ამიჩუყდა, გუშინწინ რენდგენში გნახე _ და ლამის ყველა ცოდვა შეგინდე.… ჩემო ერთადერთო თავო, არ დაუჯერო შავთეთრ სურათებს სარკე – ყოველთვის მართალია, ისევე როგორც უშნო და გაჩაჩხულ ფესვება ხის ათასფერა ფოთლებიანი ზედაპირი, როგორც შლამიანი და მუდო წყალმცენარეებიანი ტბის კამკამა ზედაპირი. ამ სამყაროში ყველა ასეთი ზედაპირული სიმართლით ცხოვრობს. ჩემო გადაჩვევით გადასარჩენო თავო, რა ზედმეტად მართალი ხარ ჩემთან, როგორი გამოუცდელი. დღეიდან სახეზე მაკიაჟს გადებ, კოსტუმს გიკერავ და ფეხებზე ქალამნებს გაცმევ. მე შეცვლით ვეღარ გადავრჩები დაკბენილი მაქვს უკვე ნერვები, შენ კი დაგრჩა კიდევ მიზეზი... ჩემო გასაშვებო თავო, ახლაც ყელში დედამიწის ბურთი მეჩრება და ყელის კედლებზე, ადამიანთა უამრავი ხელით ჩაფრენილს - თევზის ფხასავით პურის ნაჭერს ვატან და ვყლაპავ.
ioriki
ვარდისფერი ავტობუსი. მანიფესტი------------------------------------------------ჩვენ ვართ იდუმალი პლეადა უკვდავი ხალხის ჩვენ ვართ ვარდისფერი ავტობუსის პოეტები ავტობუსისა, რომელიც ვარდისფერ თავისუფლებაში მიდის ჩვენ ვმოგზაურობთ ავტობუსებით და ოცნებებით ძველი ქალაქის ბინძურ ქუჩებში და საზრისის გზებზე, ვკითხულობთ ლექსებს ავტობუსში, თქვენთვის ჩვენ ვართ კონტრყოველდღიურები ჩვენ მოგვბეზრდა ერთფეროვნება და გაცნობიერებული უსამართლობა ჩვენ ვგრძნობთ, რომ შევქმნით რაღაც ახალს, მშვენიერს, გიჟურს ჩვენ ვართ თქვენში და თქვენს გარეთ ჩვენ ვქსოვთ ალტერნატიული პოეზიის ვარდისფერ ქსელს, რომელშიც გავაბამთ სამყაროს და თქვენს გულებს ჩვენ ვწერთ იმპერატიულ, რევოლუციურ, ფსიქოტროპულ, სურეალისტურ, ვარდისფერ, ტრადიციულ, ირეალურ, ემპირიულ ლექსებს ჩვენ ვიბრძვით ყოველდღიურად ცხოვრების თავისუფალი ფორმირების შესაძლებლობისთვის ჩვენ უარს ვამბობთ კულტურულ სტანდარტებსა და სტერეოტიპებზე ჩვენ ვაზროვნებთ, ვგრძნობთ, ვურთიერთობთ – ექსტრავაგანტულად ჩვენ ვაქცევთ ადამიანური ურთიერთობებს -- ეროტიკულ ურთიერთობებად ჩვენ ვაქცევთ ადამიანური ცხოვრებას _ სპონტანურ შემოქმედებით აქტად, გარეშემო სივრცეს კი მხატვრულ ფაქტად ჩვენ ვუარყოფთ გონების კულტს, ვცვლით მას სულის მისტიური ექსტაზის კულტით ჩვენ ვერ ვიტანთ პურიტანულ მორალს და ვთვლით, რომ სამყაროს სჭირდება დიონისე და მასობრივი ორგიები ჩვენ გვიყვარს ყვითელი ვაშლი ასფალტზე და უცნობი ქალის თითები ჩვენ ვცხოვრობთ დროსა და განზომილებებს მიღმა ჩვენ ვცხოვრობთ სისტემებსა და სხეულებს მიღმა ჩვენსა და თქვენს შორის არაა ზღვარი ჩვენ განვიცდით ყოფიერებას და გვტკივა სამყაროში, გულში, თავში ჩვენ ვერ (არ) ვმკურნალობთ მანიაკალურ ფსიქოზს. ჩვენთვის ეს არცაა საჭირო. . . ჩვენ ვხედავთ ვარდისფერ პლანეტას. . . ჩვენ ვოცნებობთ, რაღაც უცნაურსა და გამანადგურებელზე არა, არა! სინათლეზე და სიკეთეზე. წითელზე, წითელზე, წითელზე, ვარდისფერზე, ცისფერზე, შავზე, მწვანეზე. . . ვარდისფერზე. . . ვარდისფერზე. . . იმაზე რაც გაგხვდის ბედნიერს ჩვენ ვცხოვრობთ, იმის მაგივრად რომ ვისხდეთ და ვუყუროთ ან ვუსმინოთ რევოლუციაა ჩვენი ცხოვრების აქტი ჩვენ ვცხოვრობთ თქვენში ჩვენ შევძლებთ გაუცხოებულ სამყაროში შევიჭრათ არაგაუცხოებული კოლექტიური განცდით ჩვენ ვოცნებობთ მსოფლიო რევოლუციაზე რევოლუცია ჩვენი ხელოვნებაა ჩვენ ჩაფლულები ვართ წინააღმდეგობის, ურთიერთდახმარების, გულწრფელობის და “უხელისუფლებობის” , არაგაუცხოებული ყოფის ატმოსფეროში ჩვენ აქედან ვიღებთ ენერგიას ჩვენ აქედან ვგრძნობთ, რომ რაღაცის შეცვლა - შესაძლებელია, უტოპია - რეალურია, ბრძოლას - სიხარული მოაქვს. ჩვენ ვართ ანარქისტები! ჩვენ ვართ რომანტიკული კომუნისტები! ჩვენ გენიალურნი ვართ ყოველთვის!!! მაშინ, როცა ჩვენს ქვეცნობიერში დაიწყებენ ქექვას ლიტ-ანალი-ტიკოსები, ჩვენ ვიქნებით სადმე მთვრალი, ნატყვიარი ან გადახსნილი ვენებით ჩვენ ვიფართოვებთ ცნობიერებას ჩვენ დავხოხავთ საკუთარ და თქვენს ქვეცნობიერში, სულში ჩვენ ვიცით რომ შეიძლება!!! ჩვენ ვიცით. . . ჩვენ ვართ. . .