Sonntag, 26. Juli 2009

გაზაფხულობით ყვითელ ყვავილებიან მინდორზე ვცხოვრობ
ადვილია ჩემი პოვნა,
ერთადერთი ვარ რომელიც არ ფრინავს...
საათი არ მაქვს,
37ე გათენებამდე დაგელოდები...


მამლებს დავხოცავ,
ვერ ავიტან მესამე დაყივლებამდე სამჯერ უარყოფილ საკუთარ თავს....

წარმოსახვების გზაჯვარედინზე,სამხრეთ კუთხეში მირაჟებს ვყიდი,
სამი დღის საყოფს ერთ კარგად მოყოლილ ამბავზე,
ამბებს ბოქლომიან ძველ სკივრში ვკეტავ და
შობის წინა საღამომდე აღარ ვიხსენებ,
შობას კი ფერად განწყობებში ვფუთავ და უშობაო ბავშვებს ვუგზავნი...

ჩრდილებს ვიხატავ,
სურვილებს სიზმრებში ვგზავნი,
სარკის მaგივრად საკუთარ თავში ვიხედები
(ვიხედები და არ ვიკეტები!)
იქ ბევრ ხალხს ვპოულობ და
გაურკვევლობა და შიში წრეს კრავენ...

სიზმრებს მოგპარავ,
ჩემსას გაჩუქებ,
სახლს არ ავაგებ,
შენში ვიცხოვრებ
ჰორიზონტამდე ღიმილით ვივლი...

დანაშაულის გრძნობის გარეშე მზეზთან დავწვები.
გაღვიძებისას გვერდზე დაგხვდები...


ალუჩა გიყვარს?

Donnerstag, 2. Juli 2009

გაგა ნახუცრიშვილი

კითხვები
ნუ მაძლევ კითხვებს.
უპასუხოდ
დავტოვე ყველა...
ნუ მაძლევ კითხვებს,
მე ვუყურებ 
ხეებს და ჩიტებს.
შევიგრძნობ, ვცხოვრობ,
ნუ დამიტოვებ
მხოლოდ კითხვებს
შენს სამახსოვროდ.
შენ ჩემთან დარჩი,
მანუგეშე,
რომ არ ვარ მხდალი!..
მთელი მსოფლიო,
ეს მსოფლიო
უჩემოდ ლაჩრობს.
შენ ჩემთან დარჩი,
გამისწორე
ცოტახნით თვალი,
დარჩი, გთხოვ, დარჩი,
ლეგენდისთვის
ნუ მწირავ მარტოს!...


ქალები 
ქალები იცვლიდნენ თმის ფერს
და ბავშვის გაჩენას ნატრობდნენ,
პრინცებზე ხედავდნენ სიზმრებს,
დღისით კი არაფერს ამბობდნენ.

ქალები იცვლიდნენ თმის ფერს,
დღიურში ყვავილებს ახმობდნენ,
ეტრფოდნენ ლექსებს თუ ცის ფერს,
უბრალოდ, თავის თავს ართობდნენ.

შუქნიშანი
უკვე მოგონება მივეც ანათემას,
უკვე დავივიწყე შენი სუსტი ტანი.
ღამის მარტოობას ისევ ანათებდა
ქუჩის მოწყენილი, სველი შუქნიშანი.

დავთმე სიყვარული, მაინც არ მეძინა,
თითქოს მომყვებოდნენ ძველი აკორდები.
მერე ჩემს გრძნობებზე ცივად გამეცინა,
მივხვდი, აღარასდროს აღარ გავლოთდები.

ქუჩა სიბნელეში, თითქოს ნახაზია,
როგორ იცვლებიან სახლთა ფიგურები,
ყოფნა უშენოდაც ისე ლამაზია,
შენკენ, დამიჯერე, აღარ ვიყურები.

უცნაური ზამთარი
უცნაურია,
ჩუმად მიდის შენი ზამთარი,
ვიღაც ამთქნარებს ბიბლიასთან - უცნაურ წიგნთან;
უცნაურია,
ცხოვრებას რომ ისე ამთავრებ,
სულ ყველაფერის ხელახალი დაწყება გინდა.
უცნაურია,
რატომ კვდება თავად ავდარიც
და ვერა ხვდები, რას დაარქვეს იმედი ყოვლის.
უცნაურია, 
ისე მიდის შენი ზამთარი,
ერთხელაც კი ვერ შეიგრძენი სიწმინდე თოვლის.

[უძლური სინათლის ქალაქი]
უძლური სინათლის ქალაქი
ქუჩები უფერო ფერის,
სულ ყველა სულ ყველას ძმაკაცი,
სულ ყველა სულ ყველას მტერი.

იქ, სადაც არ ხდება სიახლე,
არავის არა აქვს ბედი.
იქ სადაც იციან სიმართლე,
მაგრამ არ იციან მეტი.

იქ, სადაც ცვლილების სურვილი,
არავინ გაივლო თავში,
არა აქვთ სიცოცხლის წყურვილი,
მაგრამ აქვთ სამოთხის საშვი.

და თითქოს ჩრდილები დადიან,
უაზრო წრეწირებს ჰკრავენ,
იქ, სადაც არაფერს სჩადიან,
უბრალოდ ცხოვრებას ჰკლავენ,

იქ, სადაც თენდება არასდროს,
ღამეში ეძებენ გროშებს,
ჰაერი მაინც არ ჩარაზოთ,
ჰაერი, ჰაერი დროზე!


შეხვედრა
თუ ზღვების იქით ისევ ზღვა არის,
თუ კატა მზეზე მზეს აშტერდება,
მაშინ ვინ იტყვის: აბა რა არის,
ან განშორება, ანდა შეხვედრა.


გამოდით გარეთ
ქალია ალბათ, ქალია ზღვარი
და მარტოობა - უზღვრობა უფრო,
ეს ყველაფერი ან მართლა არის,
ან მოვიგონეთ, რომ დავეუფლოთ.
გამოვიარეთ რამდენი კარი,
რამდენი ხვრელი, ძველი წიგნები.
ტალღა ზღვის არის - ხმა, საუბარი,
სიჩუმე კიდევ - თეთრი მინდვრები.
ნეტავი რისი თქმა უნდათ ზარებს,
რომ რეკენ ასე, ასე დილიდან,
ალბათ, ამბობენ, გამოდით გარეთ,
თქვენი ჩარჩოდან, თქვენი ბინიდან.
გამოდით გარეთ, წაშალეთ ზღვარი,
იპოვეთ ქალი, ბგერა და ფერი,
ეს ყველაფერი ან მართლა არის,
ან ფერადდება სულ არაფერი.

გამგზავრება და მოლოდინი
მეგობრებთან არ დალია გრამი,
მოენატრა მარტოობის წამი,
კარი გახსნა, დაიხურა ქუდი,
იყო დილის ოთხის ათი წუთი.
გამგზავრება დაისახა მიზნად,
უცებ თავის ნაბიჯს გაემიჯნა;
მიაკითხა მატარებლის სადგურს,
წასვლა უნდა, რადგან წასვლა არ სურს;
ის ყოველთვის უწოდებდა პროტესტს
სასაცილოდ შექმნილ ავტოპორტრეტს.
დაინახა მატარებლის თვლები,
შეიყვარა ცარიელი გზები.
გზაში შუბლი მიაბჯინა მინას,
როცა წვრილი წამოვიდა წვიმა.
მოგონება შეეხიზნა ლოდინს,
იხსენებდა ის ცარიელ ლოგინს.
გაიხსენა ძველი, მყუდრო ბინა,
შეიყვარა, მერე მოიწყინა.
დაბრუნებას ვერ დაარქმევს სახელს
თვლემს და თვალებს უცაბედად ახელს.
გააწვალებს დაბრუნების ჟინი,
მერე ისევ გზა და მოლოდინი.


მაწანწალა
სახლების სიჩუმეს ნაბიჯის ხმა მოშლის,
მკრთალი ლამპიონი, სველი ქვაფენილი,
იყო სიყვარული, დაკარგული დროში,
ქუჩა, ჩრდილებით და ფოთლით დაფენილი.
მაწანწალას კვალი მიდიოდა ცისკენ,
სადაც მთავრდებოდა მიწის ცრუ სიმხდალე,
მას უყვარდა ქალი და არ იყო მისკენ,
არც ოცნების შუქი და აღარც იღბალი.
ის ხედავდა სიზმრებს, ხშირს და აბდაუბდას,
და, როცა ფხიზლობდა, თითქოს მკითხაობდა,
თუმცა ქარტეხილებს უკვე გადაურჩა,
მაინც არ ამხელდა თავის ვინაობას.
იგრძნო, სხვა ჟამია, მაგრამ ესეც წავა,
ხალხიც შეიცვლება მოდის სიმრავლეში
და აღარ ისურვა, ისევ ემოძრავა,
ჩვენი დედამიწის სიბრტყე-სიმრგვალეში.
ვეღარ აიტანა ერთ ადგილას მარში,
სულ არ დაეძებდა ჩივილს, საყვედურებს,
რადგან მიდიოდა, მაღლა, შუაცაში,
მიდიოდა, ჰქმნიდა ახალ საფეხურებს.

მოჩვენებები
სხეული გაქრა. სხვა დროა უკვე.
სილუეტს აღარ სჯერა ვნებების.
აღარც სიბრტყეა და აღარც კუთხე.
მოჩვენებები. მოჩვენებები.

აღარც შიმშილი. აღარც წყურვილი.
აღარც ავდარი და აღარც დარი.
არც სიყვარული. არც სიძულვილი.
აღარც მზე. აღარც გიჟური ქარი.

აღარც სიცოცხლე. აღარც სიკვდილი.
არც დრო. არც საქმე. აღარც სიჩქარე.
აღარც წუწუნი. აღარც სიცილი.
მხოლოდ სიწყნარე. მხოლოდ სიწყნარე.
სხეული გაქრა. სხვა დროა უკვე.
სილუეტს აღარ სჯერა ვნებების.
აღარც ნათელი. არც ბნელი თურმე.
მოჩვენებები. მოჩვენებები.

არა მეგობარო
(გიო იოსელიანის ხსოვნას)

არა, მეგობარო, აქ უარესია,
აქ გაიფანტება იმედი, ნიჭი.
აქ ქრება ოცნება, ოცნება - მესია,
ღვინით და თუთუნით სიმშვიდეს ვიმკით.

არა, მეგობარო, არა ღირს ცხოვრება,
არა ღირს ცხოვრება, რომც იყო ქრისტე,
არა ღირს ნუგეში თუ ყულფის მორგება,
არა ღირს!.. არა ღირს!.. რა გითხრა კიდევ.

არა, მეგობარო, არა ღირს ღიმილი,
მე ვიცი, ღიმილსაც დაახრჩობს ბოღმა,
არა ღირს, იცხოვრო ღმერთივით, ვირივით,
არა ღირს, იცხოვრო ფხიზელმა, ლოთმა.

არა, მეგობარო, არა ღირს სიმშვიდე,
არა ღირს იყვირო, გაჩუმდე მორცხვად,
არა ღირს სიყვარულს, სიხარულს იმკიდე,
ტალახში გასვრიან სიწრფელეს როცა.

არსებობს წამება, წამების სიჩქარით
შენს ხსოვნას ვაჩუქე ერთ-ერთი წამი,
ტკივილით, უაზროდ რაღაცა გითხარი
უშენო, თოვლიან, ყინვიან ღამით.

არა, მეგობარო, აქ აღარ დაბრუნდე,
აქ გაგეფანტება ოცნების ნიჭი,
ონება დაალპეს, წაბილწეს, გაქურდეს,
ცრემლსაც კი დაკარგავ ლამაზი ბიჭი.

ვარ ნაპოლეონი!..

მომკალით, იცოდეთ, მსოფლიოს დავიპყრობ,
ვიწამე ლუდხანის და ვიღაც ავარას,
ვნიშნავდი ჩემს რაზმში დიდ მხედართმთავარად,
სიკვდილიც შემთხოვდა: გრძნობები გავიყოთ,
მომკალით, იცოდეთ მსოფლიოს დავიპყრობ!

ვარ ნაპოლეონი!
მსოფლიოს ხმაურიც ფეხებში მედება,
მე არ მწამს ცრემლები, ხვეწნა თუ ვედრება,
არ მწამს ტრაგედია და მარცხი ცბიერი,
უკან არ დაიხევს ავარა მშიერი,
მოვმადლე ავარას მეფური იერი!

ვარ ნაპოლეონი!..
ქარები, წვიმები არის სასაცილო,
მოდით, რომანტიზმი ერთად გავაცილოთ
და ჩემთან დადექით ფერკმრთალი ვარდებით,
რადგან სიფერადეც გახდა სასაცილო,
მოდით, სიყვარულიც ერთად გავაცილოთ.

ვარ ნაპოლეონი,
ვიღაცა ოხერი თუ იმპერატორი!..
თქვენ ჩემთან მოხვედით? რა გინდათ, ბატონო?
და რაკი მოხვედით, ხართ გიჟი ან პოეტი,
ბრძოლა ხომ დაიწყო, დგას საღამოეთი
და მაინც იბრძოლეთ, გწამთ იმპერატორის.

ვარ ნაპოლეონი!..
მსოფლიო ცახცახებს და ვიგრძენ დაღუპვა,
არ შეცდეთ, მე სისხლი სულაც არ მწყურია,
არ მინდა ოცნების ეჭვებით გალუმპვა
და ვიცი დიდების შიში და შურია.
უბრალოდ, სამყარომ დამღუპოს, მწყურია!

ვარ ნაპოლეონი!..
როცა დავიპყარი სამყაროს ნაწილი
და როცა შევიგრძენი ცრემლები ნამდვილი,
როცა დავიკარგე ცრემლების ქაოსში
და როცა ღრიალით საშინლად დავოსდი,-
არ მსურდა ეჭვებით ოცნების დაღუპვა.

ვარ ნაპოლეონი!..
ლამაზი სიკვდილიც არ არის ამქვეყნად,
მიქარავს ტოლსტოი, ვკვდები ვით ათასი,
ვარ იმპერატორი და თანაც ჯამბაზი!
ძნელია ოცნების, იდეის განდევნა.
ზამთარიც ჩამოდგა ვით ქამელეონი.

ვარ ნაპოლეონი!..
ზამთარი სიმღერებს და ფერებს შეიცვლის,
დავმარცხდი? არ მჯერა და ალბათ შემრისხეს,
მე უკვე დამღუპა სიყალბემ ზამთარის
და სადღაც ივსება უაზროდ დავთარი.
და მეც შევეწირე ფერებს, ქამელეონს,
წადი, ჯანდაბამდის გზა გაქვს, ნაპოლეონ!
მასხრობა ყოფილა ადამის გენია,
დახურეთ ფარდები, ფარდები, მრცხვენია!