Freitag, 28. August 2009

მამები

მამები

1.როცა სულ რაღაც ოციოდ წუთით აგვიანებდა ფოსტალიონი ახალთახალი პრესის მოტანას,

ისინი ბრაზობდნენ.

ისინი გულს დებდნენ დროებით გამწვანებულ ცისფერ ეკრანებში და ხტოდნენ,

ხტოდნენ ჭეშმარიტი სიხარულით,

როცა მშობლიური საფეხბურთო კლუბის ფორვარდი ამ გულს მეტოქის კარში ათავსებდა.

ზამთრის დილაობით ისინი ქოქავდნენ გათოშილ მანქანებს და მოტორის გახურებამდე მოთმინებით აბოლებდნენ პირველ ღერ კოსმოსს,

ზაფხულობით კი იმავე მანქანებს საბარგულებს ადგამდნენ თავზე და ძვირფას ცოლ–შვილს არიდებდნენ დახრუკულ ქალაქს.

ისინი ტკბილად მეგობრობდნენ ტკბილ მეგობრებთან და სუფრის თავში ამაყად მსხდომნი, იმავდროულად ღირსეულად ისხდნენ ხელფასზე.

ისინი აწყობდნენ ლამაზ საღამოებს.

ისინი აწყობდნენ ძნელზე ძნელ საქმეებს.

ისინი აწყობდნენ მზრუნველ ხელისგულებს საყვარელი შვილების მხრებზე და აწყობდნენ, უსასრულოდ აწყობდნენ გეგმებს.

მაგრამ ხორცი, ამ გეგმებს რომ უნდა შეესხა, გამოდგა მოწამლული –საწყალი მამები!

საწყალი მამები,

რომელთაც ეყოთ თავხედობა დარჩენილიყვნენ ისეთებად, როგორებადაც თავისთავი წარმოედგინათ,

და როცა ირგვლივ ყველაფერი შეცვლილია,

ისინი, ისევ ისეთები, ყანყალებენ ავტობუსებში, რომლებსაც შეუცვალეს ნომრები;

ჭუჭყიანი მინებიდან გაჰყურებენ ქუჩებს, რომლებსაც შეუცვალეს სახელები;

იხდიან მგზავრობის საფასურს – ფულს, რომელსაც შეუცვალეს ფორმა და ფერი და სამსახურებში,

რომლებსაც სახეები (კერძოდ, პროფილები) შეუცვალეს,

მთელ თავის მუშა–ენერგიას დროის კვლას ახმარენ,

რომელსაც, ზღაპრული ურჩხულივით, ახალ–ახალი თავები ამოსდის მოჭრილთა ნაცვლად და რომელმა,
მამების გარდა, არაფრის შეცვლა არ დაიზარა.

და ახლა, როცა ყველაფერი შეცვლილია,
ისინი, ისევ ისეთები, როგორც წლების წინ,
და კიდევ უფრო ისეთები, ვიდრე წლების წინ,
ჯიბეებში ხელებჩაწყობილნი, სახლებისაკენ მოაბიჯებენ,
ისევ იმგვარად ჩაცმულები, როგორც მაშინ – წლების წინ,
იმდროინდელი შარვლებით და სვიტრებით და ფეხსაცმელებით,
რომლებიც ისეთი გამძლენი გამოდგნენ, თითქოს პლასტმასის მანეკენებს ცმოდეთ ამდენხანს და არა იმათ მძიმე სხეულებს.
მოაბიჯებენ სახლებისკენ ჩვენი მამები,
სხვადასხვაგვარი სახლებისკენ, სხვადასხვაგვარი ნაბიჯებით,
და საერთოდაც – სხვადასხვაგვარები,
და მხოლოდ მზერა, მზერა დასჩემდათ ბოლო დროს საერთო,
როგორც ცხოველებს, სხვადასხვა ჯიშის და ზომის და ღირსების ცხოველებს ჩვევიათ,
როცა პირველად მოხვდებიან ზოოპარკში, ვიდრე გალიებს მზერას შეაჩვევენ;
როცა ვეფხვსაც და კურდღელსაც, გველსაც, თუთიყუშსაც, ერთნაირად უელმდებათ გამოხედვა
და ერთნაირად ეშინია ვეფხვსაც, კურდღელსაც...
და როგორც ისინი ვერ აღიქვამენ გალიის გისოსებს,
ისე მამებიც, ჩვენი მამებიც, ყველაფერს ხსნიან სიზმრის ლოგიკით და ასე,
მშვიდად, თითქმის ამაყად, ნიშნისმოგებით მოელიან გამოღვიძებას.
მაგრამ სიზმრისთვის სულერთია,
მამაპაპური ძილისათვის მოემზადე თუ მხოლოდ თვალის მოტყუება მოიწადინე,
მისთვის მთავარია, უბრალოდ, გეძინოს
და რაკი დაიწყო, გრძელდება სიზმარი,და არც ის ადარდებს,
თუ მომართული მაღვიძარა სადაცაა აწკრიალდება.
და წვანან მამები, სიბნელეში, პირით – კედლისკენ,ჩამშვიდებულები – ფხიზელი ძილის წინ,
და ვეღარ ბედავენ იფიქრონ წარსულზე,რომელიც ასე, ძილისწინობით,
წაღმა–უკუღმა იმდენჯერ ფურცლეს, რომ გაეცრიცა ყოველი გვერდი და არაფერი თითქმის აღარ ჩანს –
ერთი წაკითხვა დარჩა მხოლოდ, ერთი მოყოლა,
ოღონდ ის ერთი – მათ აღარ ეკუთვნის,
ოღონდ ის ერთი – უნდა შეინახონ:
შვილიშვილებისთვის, და იმ მომავლისთვის, რომელიც, წარსულის არ იყოს, აღარ ჩანს.
და წვანან მამები, სიბნელეში, პირით – კედლისკენ,
რომელსაც უკვე, რახანია, რაც ყურები ჩამოახიეს
და თქვან – რაც უნდათ,
ვინც უნდათ – აგინონ,
ამოანთხიონ მთელი ბოღმა – აღარა აქვთ კედლებს ყურები!
მაგრამ არა, ისევ ჩუმად წვანან მამები,
პირით კედლისკენ, სიბნელეში, გატრუნულები,
და ვეღარ ბედავენ იფიქრონ წარსულზე,როცა მათი საქმეები, სურვილები, საზრუნავები
შეუფერხებლად მოძრაობდნენ საათის ისრის მიმართულებით
და როგორც ვალმოხდილი დეკორაციები, სპექტაკლის შემდეგ, სცენის სიღმისკენ –საწოლებისკენ ისე მშვიდად მიირწეოდნენ;
როცა იწვნენ, სიჩუმეში, პირით – ხვალისკენ
და კალენდარული ძილით იძინებდნენ.
მაგრამ ახლა, როცა ყველაფერი შეცვლილია,
როცა უკვე ყველაფერი იმდენად შეცლილია, რომ ხსოვნამ შეიძინა ახალი თვისება – თვითირონია,
როცა დროის და ფულის კურსი ერთმანეთს დაემთხვა,
როცა მრავალჭირნახულმა სამშობლომ მეიმდენე გასაჭირი გადაიტანა,
რომ გადატანითი მნიშვნელობა შეიძინა სიტყვა „სამშობლომ“,
როცა საეჭვოდ დაჭკვიანდნენ ზოგიერთები, რამაც გაზარდა უეჭველი გიჟების რიცხვი,
როცა ყველამ და ყველაფერმა დაიკავა თავისი ადგილი,
რომელიც სხვისი იყო და როცა ყოველგვარი წარსული, განსაკუთრებით – უზრუნველი, საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც დროის მეეექვსე გრძნობა,
ვხედავთ ჩვენ მათ, ჩვენს მამებს, რომელთაც ეყოთ თავხედობა დარჩენილიყვნენ ისეთებად, როგორებადაც თავისთავი წარმოედგინათ, და უპასუხოდ გადაყლაპეს ყველა საყვედური, რომელიც ვუთხარით,
ხოლო ჩვენ ვუთხარით,რომ თურმე ერის საკეთილდღეოდ შუბლით კედლები უნდა ენგრიათ,
რომ თურმე მუხლზე დაცემულებს უნდა ეხეხათ ეკლესიები,
რომ თურმე უნდა ყოფილიყვნენ მღაღადებელნი წალკოტსა შინა
და თანაც ჩვენთვის,
თუკი ჩვენი დროც დარჩებოდათ, ჯანსაღი სექსის საფუძვლებზეც უნდა ეამბნათ,
და კიდევ ბევრი სისაძაგლე როცა ვუთხარით, მათ რატომრაც ითაკილეს შეპასუხება
და ახლა, როცა უკვე ყველაფერი უნუგეშოდ შეცვლილია,
როცა უგზოუკვლოდ გადაიკარგნენ ფოსტალიონები თავთავიანთი გაზეთებით,
როცა დაუდგენელ ვითარებაში აორთქლდა მშობლიური საფეხბურთო კლუბი თავისი ფორვარდით,
როცა გაყიდული მანქანის მოსაგონებლად შემორჩნენ მხოლოდ ჟანგიანი საბარგულები,
როცა დახლებიდან უგზოუკვლოდ დაიკარგა თამბაქო კოსმოსი
და როცა ტკბილი მეგობრებიც მიმოფანტა მწარე ცხოვრებამ –დაიჩაგრნენ,
დაიჩაგრნენ ჩვენი მამები,
და დაიჩაგრნენ, რადგან იყვნენ ჩვენი მამები,
ჩვენი მამები – და არა ნავთობის,
ჩვენი – და არა თამბაქოს მამები,
და არა ტრიბუნის,
და არა ეკრანის,
და არა ომის და ტურიზმის მამები;
რადგან არასდროს უცხოვრიათ პრესის ფურცლებზე,
ხალხის გულებში,
ქვის ობელისკებზე,
არამედ ცხოვრობდნენ, უბრალოდ, სახლებში,
ჩვენს მყუდრო სახლებში –საწყალი მამები.

2.
და ცოცხლობს იმედი, როგორც გადაბრუნებული ხოჭო,
რომელიც ვერ ხვდება, რომ არის ასეთი – გადაბრუნებული,
და გამწარებით იქნევს ფეხებს: უაზროდ, ჰაერში.
და ენაცვლებიან ერთმანეთს დღეები, როგორც გასაფერადებელი რვეულის ფურცლები,
და დგანან მამები – ოთახებში, ქუჩებში, ტრანსპორტში,
და როგორც ჯიუტი ბავშვები, ჯიუტად იცდიან,როდის გამოჩნდება სადღაც მიკარგული, სადღაც უადგილოდ დადებული,
რაღაცის უკან ჩავარდნილიფერადი ფანქრები.



* * *მიმღერე შენი უკუღმართი იავნანა,შვების სიმღერა მათთვის,
ვინც მხოლოდ დილისპირზე ბრუნდება სახლში
და ვიდრე ღამე მზის სხივებით არ აიმღვრევა -
ვერ შელევია მის წმინდა და სევდიან ნახშირს.
ვინც უკეთესი ვერაფერი ვერ შეძლო, ვიდრე
ღამის ხიდიდან ჯოჯოხეთში ვარდნაა; და ვინც
მზის პირველ სხივებს, როგორც ფილმის მოსაწყენ ტიტრებს,ისე აჰყურებს.
ვისაც სძულს და ვერა თმობს მაინც
თუნდაც ერთ წარსულს, უმაჯინჯესს. ჰოდა მიმღერე
შენი ხმამწარე იავნანა - მათთვის, ვინც ღმერთზე
მხოლოდ ის იცის, რომ ახლოა, და ვერ იყენებს
მისკენ მიმავალ ვერცერთ რწმენას, არადა ეძებს.
მიმღერე შენი იავნანა, მიმღერე შენი
კანონგარეშე იავნანა მათთვის, ვინც ახლა
ღამენათევი და ნათრევი მიიწევს ქშენით
ცივი სახლისაკენ; იმისაკენ, რასაც ჯერ სახლად
ნათლავს და სჯერა, რომ იქ მაინც დახვდება სითბო,
რომელიც თუნდაც მხოლოდ სხეულს ჭირდება ჯერაც;
სჯერა, რომ სიკვდილს და სიყვარულს რაც უფრო ითმენ,
მით უფრო მშვიდად დაიძინებ. რატომღაც სჯერა.
(იმღერე მისთვის, ვინც თავისი ნახა საფლავი
და თითქმის გული აუჩუყა წარწერამ ნიშში.
სახლებს ანგრევენ, ზღვებს აშრობენ, ტყეებს კაფავენ,
მან კი ვერაფრით მოიკვეთა სიკვდილის შიში.)
მიმღერე შენი იავნანა, შვების სიმღერა
მისთვის, ვინც ლიფტის წითელ ღილაკს დილითღა აჭერს
და მერე სამჯერ წარმოიდგენს, როგორ იღება
ლიფტის კარი დ ვიღაც როგორ დაახლის სამჯერ
სახეში ტყვიას.
ვინც საკუთარ გასისხლულ სახეს
და აყმუვლებულ ჭირისუფალ ძაღლებსღა ფიქრობს,
როცა კანკალით დილისპირზე სახლის კარს აღებს
და გაუხდელად მიეგდება; და რათა იკლოს
ძილგამძლე ფიქრმა, ყვავილს ხატავს ბალიშზე თითითან წარმოიდგენს,
რომ დალია აბი საძილე,
ან თავზე საბანს წაიფარებს, ან კიდევ ითვლის,
ან ცდილობს, თავი მოუყაროს ლექსის ნაწილებს
და გრძნობს, რომ სისხლი თვალებიდან აღარ იღვრება.
აღარც ცრემლები. მხოლოდ შიში, დაღლა და შიში.
მიმღერე შენი უკუღმართი იავნანა, შვების სიმღერა
მათთვის, ვინც მხოლოდ დილისპირზე ეფლობა ძილში

Sonntag, 9. August 2009

-სად დევს ჩემი გაყვითლებული ადამიანებით სავსე ალბომი ?
-მტვრისგან დაჭმული შენი დღეებით გამოტენილი კარადის ბოლო თაროზე.
-უსწორმასწოროდ დაკიდებული გახუნებული მოგონებებიც გასასწორებელია,ცუდად მხვდება თვალში და ნერვებს მიშლის...
-ეგრე ვადაგასული ემოციებიც გადასაყრელია და შენ განწყობებზეც ჩამოსაწმენდია აბლაბუდებიც ...
-ორ-სამ დღეში კარს გამოვიკტავ და წავალ ...ჯანდაბამდე გზა ქონია ყველაფერს...
- როცა ძალიან დიდი დრო გავა მას შემდეგ რაც საკუთარი თავიდან გამოხვალ და ათას ერთმანეთის გადამკვეთ გზაზე დაიწყებ სიარულს, აუცილებლად მოგენატრება შენი მშვიდი თავი, მყუდრო განწყობა, კეთილბოლოიანი ამბების მოსმენა და მონატრებისგან დაგავიწყდება მუხტი, რომელმაც საკუთარი თავიდან გამოგიყვანა, და ის ამბები, რაც კეთილ ბოლომდე ხდებოდა შენს გამოსაკვებად მოხარშულ მონაყოლებში და შენი თავისკენ მიმავალ გზას დაადგები… გზაში ერთხელ მაინც რო გეფიქრა იმაზე, რომ შენ დატოვებულ ,,შენში’’ რაღაცეები შეცვლილი და გადაადგილებული დაგხვდებოდა, ალბათ ასე ძალიან არ გემოულოდნელობებოდა ძველი ჩვევები დაბერებული მეზობლებივით რომ ვერ გიცნობენ და ყველა შენი მეგობარი უკვე ჩამოყალიბებულია და შენსავით გადახლართულ გზებსე კი არა, ათასი გათვლითა და აწონით დაგებულ,ათასი მათნაირის გატკეპნილ გზაზე დგას... -ხო,მაგრამ მე არ მქონდა უფრო კომფორტული მე,რომ იქ წავსულიყავი,მომწყინდა სხვებში ცხოვრება,ჩემ საკუთარ მეში მინდოდა დაჯდომა და დასვენება....
.................
უკომფორტულმეო პაციენტმა თავისი არაკომფორტული ,,მე\'\' კომფორტული ,,მეს\'\' აუშენებლად დაკარგა...
...............
ახლა მეორე პაციენტი ოცნებობს მეზე,რომლის შემოსასვლელშიც იქნება აბრა წარწერით: შემოსასვლელში დატოვეთ სახელები,გვარები, სოციალური სტატუსები და მდგომარეობები,მორალურ-მოქალაქეობრივ-სამსახურებრივი მოვალეობები და გარემოებებით გამოწვეული ახლობელ-მეგობრები...გამოაღეთ საკუთარი თავები, ჩამოხსენით საკიდებიდან ფერები და ემოციები...ჩაიცვით ისინი და ნუ იფიქრებთ გიხდებათ თუ არა... აქ ყველა თანასწორია მზის,მუსიკისა და ერთმანეთის მიმართ... მოკალათდით მოხერხებულად და მიირთვით სიმშვიდე და ცვლილებები საკუთარი თავებიდან...
პაციენტებზე საუბრისას ექიმები შენიშნავენ რომ არ არსებობს არანაირი მე და თქვენ,ისევე როგორც არ არსებობენ პაიენტები და რეალობა,სადაც ისინი შეძლებდნენ არსებობას. ეს ყველაფერი სუბიექტური შეგრძნებებისა და დამოკიდებულებების ნაყოფია,რომლებიც თავისი მხრივ არ არსებობენ და ყველანაირი სუბიექტივიზმი,რომელიც გვაიძულებს ერთმანეთის ყოლასა და ერთმანეთთან დამაკავშირებელი დამოკიდებულებებისა და გრძნობების ქონას,აზრს კარგავს სწორედ თავისი და თავისი ასრებობისთვის საჭირო გარემოს არარსებობის გამო...
............................
არაკომფორტულმეიანი პაციენტი სიცოცხლის ბოლო დღეებში დაჟინებით ითხოვდა ბაბიამისის მოქსოვილ ჭრელ,ორნამენტებიან წინდებს.როგორც თვითონ ამბობდა,სხვას არაფერს შეეძლო მისი გაყინული ფეხების გათბობა.
...........
ასაშენებელმეიანი პაციენტი იხსენებდა იმ გზას,სადაც შუქნიშნის ნაცვლად ცისარტყელა იდგა და რომელზეც ვერ გადავიდა,იმიტო რო შვიდივე ფერი ერთად ენთო,იმან კი არც ერთის მნიშვნელობა არ იცოდა;და ვერ იხსენებდა ადამიანს,რომელიც გზის იქით იდგა და რომელიც არ უნახავს, იმ უბრალო მიზეზის გამო რომ გზაზე ვერ გადავიდა.
...........
ექიმები ვერ იხსენებდნენ ვერაფერს,იმიტომ რომ ყველაფერი,რისი გახსენებაც მათ შეეძლოთ არ არსებობდა,ზუსტად ისე,როგორც თავად ექიმები
პ.ს.მე უფრო და უფრო ხშირად ვიხსენებ პაპაჩემის სიკვდილის წინა ზაფხულს,როცა ერთად ვუსმენდით ბითლზებს და კიდე ფსიქიატრულს,მეზობელ ქუჩაზე რო მდებარეობდა და რომლის პაციენტებსაც წითელი პომადების,უყველაფრო თვალების და სასტიკი ისტორიების მთელი გუდა დაქონდა ჩემი ბავშვობის ქალაქში...