Dienstag, 15. Dezember 2009

ირაკლი ჩარკვიანი

მე უფრო მეტი ყვავილი მოგიწყვიტე,
ათასი სიტყვით,სახი დაგიმძიმე,
ხომ ვერ მოვპარავ საკუთარ თავს იმას,რაც ვარ.
შენ დაგავიწყდა,რომ შტორმს,შტილი მოჰყვება.
და შენი ნავი მშვიდად იცურებს,სულ სხვაში.
საშიში ის არის,ვინც იმდენ ყვავილს ვერ მოწყვიტავს,
რამდენიც უნდა,
ვინც საკუთარი შიშის ტუსაღია
და სხვის თვალებში,როგორც სარკეში იჭყიტება,
ივარცხნის თმას,
შეშინებულმა,შენი ქოხი სხვაგან გადადგი,
იქ მხოლოდ სურნელიღაა დაღლილი შტორმის,
გეგონა დაანგრევდა შენს სახლს მოლხენა,და სიყვარული
შტორმს ხომ გითხარი,შტილა მოჰყვება
და ჩემი გემი დაცურავს ახლა სულ სხვაში,
მე უფრო მეტი ყვავილი მოგოწყვიტე,ვიდრე გეგონა.



* * *

ნუთუ შენია, რასაც განიცდი?
ტერიტორია არ გაგაჩნია,
შენ ხარ ვინც ამჩნევს
და უნდა მიხვდე,
თუ სად იწყება ის,
რაც დასრულდა.
ბედნიერება აღარ გეკუთვნის,
რადგან არ იმჩნევ უბედურებას.
გული ნუ გწყდება,
დეკორაციებს ყოველღე ცვლიან,
მოდის უზნეო დასაწყისი,
სიზმრებით სავსე
და არ ნახული
სისასტიკით გიმასპინძლდება.
წარმოდგენაში მირბიხარ,
რომელიც უშენოდ დადგეს,
ნახავ ყველაფერს,
რაც დაგავიწყდა,
კვლავ შეიყვარებ
კომუნიკაციას ანარეკლთან,
მოგზაურობის ვიტრინაში, რეკლამას
–მომავალი თვითმკვლელობით
გაზავებულს,
საყვარელს,
რომელიც მიგატოვებს,
ისევ წაგიღებს სიძულვილი
თავისუფლების,
და შეშლილ კოსმოსს
გადაუფრენ, როგორც კომეტა.
თითქოს უყვარხართ,
როცა იწყებენ ლაპარაკს,
რადგან ივნისში მარტოა მთვარე,
პლასტმასის ჭაღივით კიდია ჭერზე
ყვითელი ტილო, დღევანდელობის.
უნდა ისწავლო
პურის დაგდება,
როცა გაძღები
ცოდნით და ხორცით.
შეშლილ ველასკესს
ნურაფერს ეტყვი მილიტარიზმზე,
ჩვენთან წამოდი,
საყოველთაო არჩევნებზე სიამოვნების.
ისევ სიზმარი დაგაძალეს,
მარადიული კატასტროფის
მოლოდინში,
სირცხვილის ზღვარზე,
როცა არ იცი, სად მთავრდება
შენი ლოგინი.
პატიოსნების დაკარგვის სიტკბო,
იქ თვრამეტ წლამდე კვლავ იკრძალება
სმენა ხორცის და კითხვა მარქსის,
მასათა ღელვა უკუდინების შემთხვევაში
პროპორციულია სისხლის,
რადგან ფილმში ხარ
და არ გიღებენ კარს.
უარს ნუ იტყვი
საკუთარ ქმარზე,
თუ არ მოგწყინდა,
გარდაუვალ კვირის ბოლოს
უკანასკნელი ქალაქგარეთ გასეირნება.
კულტურულია შიში რევოლუციის,
მავზოლეუმის დერეფნში,
როცა მშვიდობის გამზირზე
ცხოვრობ–
აღარ არსებობ.
მაოს ყვითელი ამაობეით,
დაგყურებს რუკა,
როგორც სარკმელი,
მაიაკოვსკიმ რომ გამოაღო.
და ერთი დუბლიც:
ჩინელი ქალი გაგიღებს კარებს,
შენ კი წაყვები,
როგორც კადრს
მომავალ ფილმში,
სოციალიზმის განტოლების ამოსახსნელად.
თავისუფლებამ
მსხვერპლის ფასად
აზრი დაკარგა,
ნუ გეშინია მარტო ყოფნის,
მაინც სხვების ხარ,
და აღარ იმჩნევ,
როგორ მოგწყინდა განცდა,
შეშინებული მარტორქასავით,
უკანასკნელ ამოსუნთქვამდე,
ანელებ სიკვდილს,
რომლის ლოდინში
კიდევ ერთხელ გაგეღვიძება.
ომის– ღარიბებს სწამთ,
გამარჯვების უცხო სხეულზე,
ისევ ყველაფრის უფლება გაქვს,
როგორც ფილმში,
რომელსაც პირველად უყურებ.
გვამთა სიმრავლე–
უაზრო სიხარულს ბადებს
საფოსტო ყუთში,
შენი სამოთხის,
ატალახებულ სოფლის გზაზე,
რომ მიატოვე და გაემგზავრე
მოსალოცი ბარათების შესაგროვებლად.
შენ აღარ იბრძვი,
მხოლოდ უყურებ,
როგორ ინგრევა შენი სახლი
ყოველდღიურად,
რადგან მსხვერპლი ხარ,
მარადიული სისულელის
საკურთხეველთან.
კვლავ გაურბიხარ
იმას, რაც მოგსდევს
და ვერ გეწევა.
ჩამქრალ დარბაზში,
როგორც საკუთარ თავში
ზიხარ და უხმოდ
ელოდები გაგოდარებას