Sonntag, 4. Juli 2010

დაორთქლილი მინების ღამე

ზვიად რატიანი

დაორთქლილი მინების ღამე

მე დავთმობ ამ ქალაქს
ამ ქუჩებს
ამ ტოტებს
და შენთან მოვიტან
ფეხებთან დაგიყრი
შენს მზერას _
შეშლილი სურვილის გადმომდებს
ელვარე ხმალივით
სხეულში გავიყრი
და შენ დამინახავ მე
ჩემო ძვირფასო
შენს მუხლებს დაღლილი ხელებით შევწვდები
და მერე უთუოდ ვიტირებთ ამაზე
რომ ვეღარასოდეს ჩვენ ვეღარ შევცდებით
და რომელ ჩვენგანსაც არ უნდა აუხდეს
სიზმარი _
რომელსაც ათასჯერ წავაწყდით
უნდა დაიბზაროს და უნდა დადუღდეს
ყოველ ოცნება _
ჩვენ უკვე დავმარცხდით
გამოშრეს
დაიმსხვრეს ეს ჩემი ხელები _
ისინი შენს ღამეს ვერ შეეხებიან
სიჩუმეს დავაფრთხობ ჭლექიან ხველებით
და წავალ ქუჩაში
და ვიწრო მხრებიან
კედელს მივეყრდნობი
მოთმენას მივუსჯი
გაყინულ თითებსა და ჩამოშლილ ხერხემალს
სანამ შუაღამის უძირო სილურჯით
ჩემს სხეულს სიბნელე არ შემოეხვევა
შენც გახსოვს _
დეკემბერს სისხლივით დიოდა
სიტყვები _ ავსილი უაზრო ოცნებით
და როცა ჩემს ხელებს ჰკოცნიდი _ მტკიოდა
და მერე ჭრილობებს ვეღარ ვიხორცებდი
და ვწერდი
თვითონაც არ ვიცი _ რას ვწერდი
ჩაკუჭულ ლექსებით აივსო თხრილები
მე შენთან მინდოდა და ვეღარ ვაღწევდი
და კედელს ვკორტნიდი სისხლიან ფრჩხილებით
ახლა კი დავმშვიდდი
ყველაფერს ბოლო აქვს
სიჩუმე ყველაფერს უპოვის გასაღებს
ღამეებს სისხლი და ცრემლები რომ მოაქვს
იმათ ვალამაზებ და ფრთებად ვასაღებ
და მთვარეს ავძახებ _ რატომღაც ჩურჩულით _
რომ ისევ უსაფრთხო ქიმზე დავბანაკდი
მაგრამ ლოკოკინის გასრში შეყუჟული
ვიღას გავაბრიყვებ ფრთებზე ლაპარაკით
მე ისევ ისა ვარ
შემხედე _ ის ვისაც
ნაცნობი ჭრილობა მეასედ ასტკივდა
და შენს მონატრებას თითებით ვისრისავ
და ისევ ვჩერდები ისევ იმ ადგილას
შენმა თვალებმა რომ ქვესკნელი გათხარეს
და ყოველ საღამოს მთვარით გალოკილი
ძარღვი _ დაჭიმული _ ვენაზე ფართხალებს
ხან როგორც გველი და ხან როგორც ბორკილიчф
მინდოდა’
მე ერთ დროს ძალიან მინდოდა
რომ ბოლო ჰქონოდა უაზრო მოლოდინს
და მივსულიყავით იისფერ მინდორთან
და შენს თმებს ცეცხლოვან ზღვაში ჩავყოლოდი
მაგრამ მე დავფლითე ყოველი ნატვრა და
ყოველი სურვილი ქარს გადავაბარე
ძარღვებიც გამოშრა და სისხლიც გათავდა
და თუკი ხანდახან მზერას გავაპარებт
ცეცხლოვან მზისაკენ _
უდაბნოს სიყვითლით
სიჩუმე იღვიძებს და იწევს გულს იქით
სიჩუმე მეძახის განწირულ სიტყვით და
გადაღლილ სხეულის დამშრეტი მუსიკით
როგორც ძაღლის ლეკვი _ უღვთოდ გაყიდული _
დაცინვით რომ იცდის _ თავს როგორ იმართლებ
ისე _ დამსხვრეული ორივე კიდურით
ჩემი სიყვარული მიყეფს და მიმათრევს
და რა ვქნა _ მივყვები
და მაინც მიყეფენ
თუ ჩემს დასაცავად
ხმას ამოიღებენ
მაგრამ ვინ გაბედავს _
არ ყოფნით სიტყვები
ის ისევ მიმათრევს
მეც უხმოდ მივყვები
დაგნებდი
გამოვთხრი ნესტიან ფუღუროს
იქ შევიკეტები
კვნესას შევიკავებ
ცოტა ხნით დამტოვეთ _ მე უნდა ვუყურო
ყვითელი ფოთლები თავს როგორ იკლავენ
და ამ ფოთლებიდან რომელსაც მოვწონდი _
ვერაფრით ვიპოვნი
კვლავ იმას თუ ვეძებ
ახლა ის დრო არის რომ ორი კოცონი
დაგინთოს საღამომ მდუღარ ძუძუებზე
და მოვალ
მე შენი ძახილი მომესმა
ვიცი _ მომეჩვენა
და მაინც ვენდობი
როგორც ფიფქები სხდებიან ტოტებზე
ისეთი სინაზით მხარზე დაგეყრდნობი
და გეტყვი _
სისხლნარევ ცრემლის შეკავებით
მე შენთან მოვედი და ახლა ვიხსენებ
თუ როგორ მიხმობდნენ მე შენი მკლავები
და შენი ტუჩების უძირო სიცხელე
თუ როგორ გეძებდი დაორთქლილ მინებზე
და შენი სურვილით
თუ როგორ ავივსე
მაგრამ არარსებულ სიყვარულს ვინ ეძებს
ღამეში მზის სხივებს ვინ მოისაკლისებს
არა ხარ _
შენ მხოლოდ სიზმრებმა დაგხატეს
და ახლა ამ სიზმრებს ქარები მიფრთხობენ
და ყველა კუნჭულში სიჩუმე ღაღადებს
და ჩემი ხელები შენს მუხლებს ითხოვენ
დაბრუნდი
ან იქნებ არსად არ წასულხარ
შენ იქნებ აქა ხარ და სივრცეს მიაპობ
დაბრუნდი
და შენი სიჩუმის პასუხად
მე თვალებს დავხუჭავ და ისე გიამბობ
რომ ქარი კბილებში ნასრეს და დაღეჭილ
ოთახის სიბნელეს სურვილით ავავსებ
რომ შენი ღიმილის პატარა ნაგლეჯი
მკრთალი სანთელივით ჩაწვა რაფაზე
რომ ლურჯი ღრუბლები
ბეჯითად ხატავენ
გაყინულ ზეცაში უცნაურ ასოებს
რომ ისევ სიჩუმეს უპყრია სადავე
და ქარი ატირებს ბნელ სადარბაზოებს
რომ ასე სუსტი და ასე უძლური
საკუთარ ოცნებას გიჟივით ვაქეზებ
რომ ახლაც ოთახში
ვზივარ მობუზული
და ახლაც დაორთქლილ მინებზე დაგეძებ
რომ ისევ ღამეა და და ალბათ ადრეა
რომ შემომილეწოს თვალები სინათლემ
რომ სადღაც გავრბივარ
და შენს მონატრებას
მშიერი მხეცივით
კბილებით მივათრევ

სულ ახლახან აიღო "საბა", მე კიდე დიდი ხანია მიყვარს

ზვიად რატიანი

ავტო-საგზაო ელეგია
ანუ როდის წერენ გარდაცვლილები



გამოდის, მე ვარ დამნაშავე. დავავიწროვე
სულ ცოტა ხნის წინ ასე ფართე, ხალვათი, ასე
ვრცელი ცხოვრება. დღეს კი მისი მსუსხავი გარსი
იმდენად მჭიდროდ მომტმასნია, ისე მიწოვენ
მისი დამსკდარი ბაგეები, და უკვე ისე
მიჭერს ცხოვრება, ცოტა ხნის წინ იმდენად ფართე -
საითაც გინდა გამეწია მთვრალსა თუ ფხიზელს,
ვერ მივატანდი მის შორეულ, ფრიალო კალთებს.

მისრიალებენ მანქანები ღამის ტრასაზე
და ყველა ცდილობს გადასწრებას, მოსწრებას; მხოლოდ
ერთი დგას ცერად, ქუჩის პირას, და მისი მძღოლი
ნელა გადმოდის მანქანიდან. ნელა, რაც ასე
უცნაურია, რადგან მძიმედ, რადგან შიშინით
იღვრება წვიმა, ღამის წვიმა, შარაგზის წვიმა,
ქალაქგარეთის ცივი წვიმა. ის კი გიჟივით
დგას და სველდება. და იგონებს: დიდი ხნის წინათ


მიყვარდა დილის კაფეები. განსაკუთრებით
ერთი მათგანი; იქ არასდროს რთავდნენ მუსიკას.
წარმოიდგინე - სიჩუმეა, მარტო უზიხარ
ერთერთ მაგიდას, და ძალიან დიდხანს უნდები
სათითესავით ციცქნა ფინჯნის ბოლომდე დაცლას.
ფინჯანში ყავა, რა თქმა უნდა, უკვე ცივია.
შენ კი ზიხარ და ლექსს იგონებ. რაღაც ირევა
და კვლავ ახლიდან იწყებ სიტყვებს, ალაგებ, მარცვლავ.

შენ აღარ ცხოვრობ იმ ცხოვრებით. უკვე სხვაგვარი
და, უნდა ითქვას, უკეთესი ცხოვრებით ცხოვრობ.
სულ სხვა ხალხია შენ გარშემო. საგნებიც. ხოლო
ის უცნაური საქმეები, დღეს რომ აგვარებ,
არაფრით გვანან ძველ საქმეებს. ღამით დაწერილს
დილით აწყობდი რუხ ჩანთაში, ერთგულ ჩანთაში
და ისე მძიმედ მიდიოდი, როგორც ნაცემი,
თითქოს გჯეროდა, რომ შენს ფურცლებს ვინმე გადაშლის.

ის აღარ ცხოვრობს იმ ცხოვრებით. ხელში უჭირავს
ეს სულელური, სასაცილო საგანი - საჭე,
ფეხს არანაკლებ სასაცილო მუხრუჭებს აჭერს
და ენას უყოფს მორიგ სიკვდილს, ბნელი ქუჩიდან
ან ოდნავ ადრე რომ გამოხტა, ან გვიან; ანდა
ამჯერად სისხლი არ წყუროდა, მხოლოდ იხუმრა.
ღამით, წვიმაში, ბუნდოვანი აჩრდილი ჩანდა.
დასველდა. ჩაჯდა მანქანაში. კარი მიხურა.

ჩაჯექი. ჩართე იმეჯინი. მისი სმენისას
ყოველთვის გიკვირს, რატომაა იგი ასეთი
მოუბეზრები; რაც ერთი მხრივ, არის ენისა
და მელოდიის, მეორე მხრივ - თავად კასეტის
დამსახურება. აქ ვგულისხმობთ კასეტის ხარისხს
და ენისა და მელოდიის იღბლიან შერწყმას,
თუმცა პირველიც და მეორეც, ორივე არის
ტექნიკის საქმე, მთავარი კი... სიმღერა შეწყდა

და მთავარზე ფიქრს გადაურჩი. ძალიან კარგი.
ძალიან კარგი, რომ ფიქრისთვის ვერასდროს იცლი.
დახედე საათს, გაასწორე დახრილი სარკე.
ჩართე შუქები, გაანათე ნაგლეჯი სივრცის
და დაიძარი სიბნელისკენ. ძალიან კარგი,
რომ შენს სამშობლოს, და მის ლექსებს, ანგრევენ, ხევენ.
imagine there's no, იმეორებს კასეტა, heaven.
"წარმოდგინე, არ არსებობს სამოთხე", თარგმნი.

წარმოიდგინა. მას ეს საქმე ჯერ კიდევ ართობს.
როგორც ეტყობა, ინერციით. თითქოს სხვისია -
უჭერს ცხოვრება, ცოტა ხნის წინ ასეთი ფართე.
ლამის გაირღვეს, ისე უჭერს, საკმარისია
ერთი ზედმეტი მოძრაობა, მოუზომავი,
და მერე კარგად! გაირღვევა! და გაირღვევა
უხმოდ და უცებ: არც ტკივილი, თუნდაც ოდნავი,
არც, მითუმეტეს, ბოლო სიტყვა, ბოლო სიმღერა.

"მე შენ მიყვარვარ", მივაძახე აჩრდილ-გოგონას,
ღამის ქუჩაზე გაელვებულს ფოსფორის კაბით.
"ვიცი, გიყვარხარ", მპასუხობს და სიცილით გარბის.
მერე კი ვგდივარ სველ ასფალტზე, ჩემკენ მოგორავს
ალმოდებული საბურავი... "მძღოლებს, ნაძირლებს,
ხომ არ არსებობს, ღამით თვალი ვერვის მოეკრა.
ტრავმა არ ჩანდა სასიკვდილო, მაგრამ დაცლილი
იყო სისხლისგან. რას ეძებდა, ძალით მოიკლა"...

ეგრე ვინ კვდება, საცოდავო? ჯერ უნდა შექმნა
სწორი სიკვდილი: შეადგინო ბოლო დღის გეგმა
და შეარჩიო საიმდღეო სიტყვებიც დინჯად,
და მათი სიაც, ვისაც ეტყვი; და მერე ხინჯად
დარჩეს თითოეულს, რომ შეეძლო რაღაცის შეცვლა;
დავუშვათ, შენი შეჩერება ორიოდ წუთით,
რაც უკვე არის საკმარისი - იღბალმა, ბეცმა,
ვეღარ მოგისწროს ჩანაფიქრი; მითუფრო - ცუდი.

რაც უფრო ახლოს ქალაქისკენ, წვიმაც, ახედე,
თავს იწესრიგებს: არ კლებულობს, მაგრამ საგრძნობლად
თვინიერდება, ირიბდება. თითქმის ჩახვედი,
და რაღა რჩება - მოსახვევი, ხიდქვეშ გაძრომა
და იმის იქით თბილისია, რომლის უგემურ,
მყიფე სიბნელეს უამრავი სხივი ანათებს,
და ეს შემხვედრი მანქანების ცივი შუქებიც
აღარ გკაწრავენ თვალებს ისე, როგორც მანამდე.

და მგზავრი შედის ცივ ქალაქში. ქუჩის გადაღმა
ვიღაც ხელს იქნევს. არ უჩერებს. ის კი ცარიელ
ბოთლს ისვრის მისკენ. არაზუსტად. "საოცარია,
რომ კვლავ გადავრჩი", ფიქრობს გულში. ხოლო ხმამაღლა
იცინის. რაღაც სიგიჟეა, რაღაც მანია,
მუდამ უმტკიცო საკუთარ თავს, ვითომ გადარჩი.
ამ დროს ცხოვრება არამარტო ასატანია,
არამედ ტკბილიც. ცივ ქალაქში, ღამის ქალაქში

როცა სახლამდე მიაღწია და როცა ბრაზით
მიარტყა მუშტი ლიფტსის კარებს, და მერე მძიმედ
აუყვა კიბეს, მას ეგონა, რაიმეს აზრი
თუ კიდევ ჰქონდა შერჩენილი, ეს იყო ძილი;
მაგრამ როდესაც გაიხადა სველი სამოსი,
როცა დახედა მძინარ ცოლ-შვილს, როცა თვითონაც
წამოწვა, უცებ, როგორც ზარმა, როგორც ლითონმა,
გაიწკრიალა ყველა შიშმა იმ საღამოსი

და ყველა ელდამ. როგორც ცუდი სიზმრის ნახვისას
მთელი არსება შეგიქანდეს - უკვე მითვლემილს
ისევ მოგაწყდა წუხანდელი შიშის ზვირთები
და ისე მწარედ, მტკივნეულად გამოგაღვიძა,
რომ მერე დიდხანს ისინჯავდი სხეულს თითებით,
თვალებს ახელდი, და ხუჭავდი, ისევ ახელდი,
ვიდრე დარწმუნდი, რომ ცოცხლებში ისევ ითვლები;
და ჯერ საწოლზე წამოჯექი, მერე გახვედი

საძინებლიდან. ფეხაკრეფით. კარი გახურე.
მერე იპოვე, სკამზე მდგარმა, ხელის ცეცებით
კარადის თავზე შავი დღისთვის გადანახული
ერთი კოლოფი სიგარეტი. თითქმის შეძელი
ისეთი ყავის მოდუღებაც, სხვებს რომ გამოსდით.
უცნაურია, სავსე ფინჯნით ისე გამოცდი
სამზარეულოს, კაბინეტშიც ისე შეხვედი,
არცერთი წვეთი არ დაგღვრია. ერთი შეხედვით

ისევე იჯდა, როგორც მუდამ: იყო უცვლელი
ყველა დეტალი - მისი პოზა, მისი ხელწერა;
ისევე ცერად, როგორც მუდამ, იდო ფურცელიც,
მაგრამ ფურცელზე, რასაც წერდა, არსად ეწერა,
და რაც ეწერა, - ის სიტყვები მისი არ იყო;
ან იქნებ ვიღაც სარგებლობდა მისი სხეულით?
ვიღაც - ვინც თვითონ იქნებოდა, რომ მომკვდარიყო,
რომ დგებულიყო სველ ასფალტზე ტვინდანთხეული.

და რა ტკბილია წერდე მაშინ, როდესაც მოგდის
სისხლი, რომელიც შენ არ მოგდის. მთელი არსებით
ისიც ვიყავი, ვინც გადავრჩი (თუმც დავსველდი,
მაგრამ გადავრჩი), და მეორეც, რომელიც მოვკვდი.
და წერდა ხელი. საფერფლეში ბოლავდა ნამწვი.
და წერდა ხელი. ილეოდა ფინჯანში ყავა.
და წერდა ხელი. იყო გვამი, რომელსაც აწვიმს.
და წერდა ხელი. იყო გვამი, რომელსაც ვგავარ.

და რა ტკბილია წერდე მაშინ, როცა ნამდვილად
იყო ხიფათი, იყო შანსი - გდებულიყავი
ღამის ტრასაზე. ასე სწრაფად, ასე ადვილად
ადრე არასდროს მიწერია, რადგან ვიყავი
მორჩილი ექო ჩემი სისხლის, ვითომ დაღვრილის,
მისი კარნახით ცარიელი ფურცლის შემვსები:
"სხვისი ლექსების - მკარნახობდა - წერით დაღლილი,
მე ვკვდები. ახლა სხვებმა წერონ ჩემი ლექსები".