Montag, 16. November 2009

ნატო ინგოროყვა

ვიდრე


ჩერდება ლექსი.
დრო აქვს სიჩუმის.


გათენებემდე კიდევ დარჩა საათი_ ორი.
იქნებ მათხოვო შენი სიტყვა დილის შვიდამდე.

ვიდრე_

სიტყვაზე ვენდობი სიტყვას.

ვიდრე_

ხსოვნა, სიკვდილივით სკამზე არ ჩამომიჯდება და
სხვათა სიტყვით_ მესამე პირში დამიწყებს საუბარს.

ვიდრე_

სიკვდილისგან გამოთავისუფლებული დრო_ სიცოცხლე,
საკიდარს მიღმა დარჩენილი საწვიმარვით არ დამრჩება.

ვიდრე_

ჩემი ბავშვობის თოჯინების სიჩუმეს ვთარგმნი და
საგულდაგულოდ არ ვიმალები, რომ დამავიწყდეს სად ვარ.


ვიდრე_

აღარ დამაქვს ძველი კაბები ნაცნობ მკერავთან.
ვიკერავ ახლებს, ოღონდ არა გულამოღებულებს.
ზურგი მოვხადე, რადგან მივდივარ და ვიცი:

შენ თვალს გამომაყოლებ.

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen